პალესტინაში საპარლამენტო არჩევნები 28 ნოემბერს გაიმართება
პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა გამოსცა საპრეზიდენტო ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 28 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA იუწყება.
“ბრძანებულება მოუწოდებს პალესტინელებს იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, მონაწილეობა მიიღონ თავისუფალ და პირდაპირ საპარლამენტო არჩევნებში პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს წევრების ასარჩევად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზანია “დემოკრატიის საფუძვლების განმტკიცება და პალესტინის სახელმწიფოში დაწყებული საარჩევნო პროცესის დასრულება”.
ასევე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რომელიც 2027 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი, „კანონის შესაბამისად, მოგვიანებით დადგინდება“.
მედიის თანახმად, თუ არჩევნები დაგეგმილი გრაფიკით ჩატარდება, ეს პალესტინაში 2006 წლის შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები იქნება.