აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა
„აზერბაიჯანს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ მრავალი ერთობლივი, ნავთობისა და გაზის პროექტი გვაქვს. ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში საქართველო ჩვენი ბუნებრივი სტრატეგიული და სატრანზიტო პარტნიორია“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორჰან ზეინალოვმა განაცხადა.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში, მსხვილ რეგიონულ პროექტებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ბაქოში გამართული „მწავნე ენერგეტიული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალის მიმდინარეობისას ისაუბრა.
„ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპაში ფასების სტაბილიზაციას, ტრანსსასაზღვრო ურთიერთდაკავშირებადობის ტენდენციებს და დაგვეხმარება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ახალ რეგიონებთან დასაკავშირებლად, მაგალითად, აზერბაიჯანს შეეძლება ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებზე გასვლა, ხოლო საქართველოს კი, შავი ზღვის მეშვეობით, შეეძლება მიაღწიოს ევროპულ, პრემიუმ კლასის ბაზრებს“, – აღნიშნა ორჰან ზეინალოვმა.
ამასთან, მისი შეფასებით, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს და აზერბაიჯანს, ასევე პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებსაც.
„უაღრესად კმაყოფილნი ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან არსებული თანამშრომლობით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას“, – განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.