დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ,- ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.

“ჩვენ დავშლით მას და ყველამ იცის, რომ ეს სწორია. ჩვენ ამ ქვეყანაში განათლების მხრივ საქმე კარგად არ გვაქვს, რაც დიდი ხანია, ასეა”. – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელის მოწერის ცერემონიაზე.

მიუხედავად აღმასრულებელი ბრძანებისა, დეპარტამენტის დაშლას კონგრესის თანხმობა სჭირდება.

დეპარტამენტი, ამის მიუხედავად, სრულად არ გაუქმდება. თეთრი სახლის განცხადებით, განათლების დეპარტამენტი კრიტიკულ ფუნქციებს შეინარჩუნებს.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ადმინისტრაცია დეპარტამენტის იმ ნაწილს დახურავს, რომელიც “ძირითადი აუცილებლობის” მიღმაა და შეინარჩუნებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა დაბალშემოსავლიანი სკოლების დაფინანსება, კოლეჯის სტუდენტებისთვის ფინანსურ საჭიროებაზე დაფუძნებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი დაფინანსებების გაცემა. თეთრი სახლის განცხადებით, დეპარტამენტი ასევე გააგრძელებს ფედერალური სტუდენტური სესხების მართვასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები