ბოჟაძე – აშშ-სთან ურთიერთობაზე: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება რეალური გადატვირთვა ჩვენი პოლიტიკის და დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა საქართველო და ამერიკა
“რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება რეალური გადატვირთვა ჩვენი პოლიტიკის და დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა საქართველო და ამერიკა”, – ამის შესახებ, მმართველი გუნდის წევრმა, ლადო ბოჟაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
“იცით, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდა არა ამერიკის სახელმწიფოსთან, არამედ კონკრეტულ ადმინისტრაციასთან, რომელმაც, სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და იმ დავალებების არ შესრულების ფონზე, რომელსაც ისინი ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნისგან,
მაქსიმალურად გაართულა არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას.
იცით, რომ ინაუგურაციის შემდგომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ამ მიმართულებით. პრეზიდენტმა ტრამპმა, არაერთხელ ახსენა რუსეთ-საქართველოს ომი, ზოგადად, ჩვენი ქვეყანა. იგივე განცხადებები გაკეთდა ილონ მასკის მხრიდანაც. იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრსა და ელჩს შორის.
ასევე, იცით, რომ ჩვენ არ გვყავს ქვეყანაში ელჩი ჯერ დანიშნული, თუმცა, როგორც იცით, კანდიდატურა შერჩეულია და ასე ვთქვათ, სამართლებრივი პროცედურები დაწყებულია. ჩვენ ძალიან დიდი თანხვედრა გვაქვს, მათ შორის, იდეოლოგიური თანხვედრა. პირველ რიგში, ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის მალე დასრულებას და მშვიდობის საკითხებს, რეგიონშიც, მთელ მსოფლიოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება რეალური გადატვირთვა ჩვენი პოლიტიკის და დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა საქართველო და ამერიკა,” – აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.