ზელენსკი ფინეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ფინეთში ჩავიდნენ.

„პირველ ლედისთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩვენს მეგობრებთან და პრინციპულ მოკავშირეებთან – ფინეთში. შეხვედრები გაიმართება პრეზიდენტ ალექსანდრე სტუბთან და პირველ ლედი სიუზან ინეს-სტუბთან, სპიკერ იუსი ჰალა-აჰოსთან და პარლამენტის წევრებთან, პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოსთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან“, – წერს ზელენსკი Telegram-ზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი თემებია თავდაცვის მხარდაჭერა, ინვესტიციები უკრაინის იარაღის წარმოებაში და უკრაინის ევროინტეგრაცია, ფინური ექსპერტიზა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შემუშავებაში და თავშესაფრების მშენებლობაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და ომის სამართლიანი დასასრულისთვის ძალისხმევის კოორდინაცია.

„ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ევროპასთან ერთად უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ პირველი ლედის პროგრამა ფოკუსირებულია საგანმანათლებლო თანამშრომლობაზე: უკრაინული კვლევების კოალიციის გაფართოება, საგანმანათლებლო სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასკოლო თავშესაფრების მოწყობა და ფინეთის სკოლების კვების სისტემის შესახებ გამოცდილების გაცვლა. ის ასევე გამართავს შეხვედრებს ბიზნეს ლიდერებთან, ფილანტროპებთან და კულტურული საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები