“რა ელჩის საქმეა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ აქტივებზე, ურთიერთობებზე განცხადების კეთება?” – არჩილ გორდულაძე
“რა ელჩის საქმეა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ აქტივებზე, ურთიერთობებზე განცხადების კეთება? პოლიტიკაზე განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ჩართული პოლიტიკაში, ქმნიან პოლიტიკას, ან არიან ექსპერტები”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ელჩის ფუნქცია არის, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იყოს სათანადო დონეზე დიპლომატიური გზებითა და არხებით უზრუნველყოფილი.
„მოდი, პირველ რიგში დავსვათ კითხვა, ელჩი საერთოდ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს თუ არა კომენტარს?! რა ელჩის საქმეა ქვეყანაში, შიდა პოლიტიკურ აქტივობებზე, ურთიერთობებზე განცხადების კეთება? პოლიტიკაზე განცხადებას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არიან ჩართული პოლიტიკაში, ქმნიან პოლიტიკას, ან არიან ექსპერტები. ამ სამი კატეგორიიდან რომელს წარმოადგენს ელჩი? რამდენადაც ვიცით – არცერთს.
ელჩის ფუნქცია არის, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იყოს სათანადო დონეზე დიპლომატიური გზებითა და არხებით უზრუნველყოფილი. შიდა საქმეებში ჩარევა იქნება ეს, თუ პოლიტიკური აქტივობა, ეს უნდა მივანდოთ პოლიტიკურ პარტიებს და რაც მთავარია მის აღმატებულება ქართველ ხალხს. ზოგიერთი ელჩი მათ შორის, ქართველი ხალხის სახელითაც საუბრობს და გვესაუბრება ისე, თითქოს მათ უკეთ იციან რა არის ქართველი ხალხისთვის საუკეთესო გამოვლინება, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთი ელჩი თავს აძლევს უფლებას, რომ კონკრეტულად მაგალითად, მამუკა ხაზარაძისგან, ერთ-ერთი რიგითი „ნაცისგან“ იქირაოს კონკრეტული ფართი და თანხა გადაიხადოს ამ ყველაფერში, თავს უფლებას აძლევს, რომ იაროს სხვადასხვა რეგიონში და ისაუბროს.
ელჩები გადიან პირდაპირ დიპლომატიური ურთიერთობებიდან, როდესაც თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ შიდა საქმეებში, თან როგორც კონკრეტული მხარის წარმომადგენლები, ან მხარის სასარგებლო განცხადებები აკეთონ. ეს არ არის ელჩის ფუნქცია“,- აღნიშნა გორდულაძემ.