“რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში თავის პოლიტიკას ბოლომდე გააგრძელებს, აფხაზეთის მოსახლეობა, სამწუხაროდ, ვერ იქნება ბოლომდე ისეთი, რომ კრემლს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს” – ვახტანგ ყოლბაია
“რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში თავის პოლიტიკას ბოლომდე გააგრძელებს, სანამ, ასე ვთქვათ, თვითონ არ ჩათვლის, სად არის წითელი ხაზები, აფხაზეთის მოსახლეობა, სამწუხაროდ,
ვერ იქნება ბოლომდე ისეთი, რომ კრემლს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს”- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრებისას განაცხადა.
ყოლბაია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა.
“რუსეთის მედია და პოლიტიკური ნაწილი ამომრჩეველს აშინებდა, არძინბა პროთურქულია, მისი მოსვლა აფხაზეთს თურქეთისკენ
მიაბრუნებს და ეს აფხაზეთისთვის დამღუპველი იქნებაო. მე ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მაქვს. არძინბა რუსეთის საწინააღმდეგოდ მკვეთრ ნაბიჯებს ვერ გადადგამდა, იმიტომ, რომ თურქეთი ასე ღიად და აშკარად აფხაზეთში ანტირუსულ პოლიტიკას ვერ და არ გაატარებდა. ამიტომ, ეს, ასე ვთქვათ, თითიდან გამოწოვილი საფრთხე იყო. მაგრამ, ამან, როგორც ვხედავთ, იმუშავა. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა (43% ცოტა არ არის) მხარი მაინც არძინბას დაუჭირა. მე ე.წ. არჩევნების პერიოდში საუბარი მქონდა არძინბას მხარდამჭერებთან, რომლებიც ძირითად მოტივად იმას ასახელებდნენ, რომ ჩვენს ძირითად სიმდიდრეზე, მიწაზე რუსეთის გარკვეული წრეების სასარგებლოდ შედეგების მიღწევა უფრო ჩქარა წავა, ვიდრე ამას არძინბა გააკეთებდა, არძინბა ცოტას გაწელავდა, სხვა პირობებს დადებდა, ხოლო გუნბას, პრაქტიკულად, იმ დაპირებების ასრულება მოუწევს, რომელიც ბჟანიას დროს ოლიგარქიულ წრეებთან დაიდოო.
თქვენ დასვით შეკითხვა, რატომ შედგა პუტინის და გუნბას შეხვედრა ე.წ. არჩევნებიდან ასე ჩქარა. რა თქმა უნდა, რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში თავის პოლიტიკას ბოლომდე გააგრძელებს, სანამ, ასე ვთქვათ, თვითონ არ ჩათვლის, სად არის წითელი ხაზები. აფხაზეთის მოსახლეობა, სამწუხაროდ,
ვერ იქნება ბოლომდე ისეთი, რომ კრემლს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს. ელექტროენერგია, საკვები პენსიები, ხელფასები – იქ ,ძირითადად, 60-დან 80%-მდე მაინც რუსეთზე არიან დამოკიდებულები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის გაწევა რთულია.
რაც შეეხება ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების საკითხს – აფხაზები, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ მიიღებენ იმას, რასაც რუსეთი შესთავაზებს, თუმცა ეს ე.წ. ხელშეკრულება
შელამაზებული, ცოტა დავარცხნილი იქნება. საბოლოო ჯამში ისე მოხდება, როგორც რუსეთს აქვს დაგეგმილი. რა თქმა უნდა, აფხაზეთში წინააღმდეგობა იქნება, “მოგუდულიც” და “არამოგუდულიც”, მაგრამ მაინც
ის განხორციელდება, რასაც კრემლი დაგეგმავს”- განაცხადა ყოლბაიამ.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ახალ დე ფაქტო პრეზიდენტს, ბადრა გუნბას 5 მარტს შეხვდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა. ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.