ავთანდილ თალაკვაძე: კომუნიკაცია არის აბსოლუტურად ყველა მოქალაქესთან და ხდება მათი უზრუნველყოფა – ეს გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში

ოზურგეთში გასული ღამე და დღევანდელი დღე განსაკუთრებით კრიტიკულ ლოკაციებს დაეთმო, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მერმა მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რაც ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობდა სამუშაოები, პირველ რიგში, ხდებოდა ძირითადი მნიშვნელოვანი გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებული იყო სოფლებთან, ვინაიდან იმ სამსახურებს, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებიან, მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილებულიყვნენ, რომ უსაფრთხოდ გადმოგვეყვანა ჩვენი მოქალაქეები. ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებდნენ გეგმურ თუ გადაუდებელ დახმარებას, პირველ რიგში ხდებოდა ამ კუთხით რეაგირება, ასევე ელექტროენერგიის კუთხით მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და ყოველდღიურად მცირდება რაოდენობა იმ აბონენტების, რომლებსაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, რჩება კრიტიკული ლოკაციები ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ ხვალ დილას ასევე მთელი ძალებით მოხდეს ლოკაციებზე შესვლა. თქვენ დღესაც ხედავდით კადრებში, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაზე, სადაც გაძნელებული იყო მიმოსვლა, მოხდა შესვლა და აბსოლუტურად ყველა მოქალაქესთან დაკონტაქტება, მიწოდება საკვები პროდუქტების, მედიკამენტების.

შეუძლებელია, რომ არ აღვნიშნო ჩვენი თანამოქალაქეების ურთიერთთანადგომა და მხარდაჭერა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს რომლებიც ახდენენ რეაგირებას და მათი მოქმედება არის სამაგალითო.

კომუნიკაცია არის აბსოლუტურად ყველა დასახლებასთან და მოქალაქესთან და ხდება მათი უზრუნველყოფა. ეს გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები