ნიკოლოზ ტყემალაძე: გურიის რეგიონში 200-მდე სოფელი იყო მოწყვეტილი კომუნიკაციას, გზები იყო ჩაკეტილი – დღევანდელი მდგომარეობით გვრჩება 30-მდე სოფელი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იქნება

ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით არის აჭარაში, გურიასა და იმერეთში. მაგრამ ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ რჩება გურიაში. აქ არის როგორც გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, არის ელექტროენერგიის პრობლემა, რის აღსადგენადაც მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ ტყემალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს.

„გურიის რეგიონში, სამ მუნიციპალიტეტში 200-მდე სოფელი იყო მოწყვეტილი კომუნიკაციას. გზები იყო ჩაკეტილი. დღევანდელი მდგომარეობით გვრჩება 30-მდე სოფელი, რომელიც ჩაკეტილია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის უკვე მოგვარებული იქნება ეს პრობლემა და მკვეთრად შემცირებული იქნება გამორთული აბონენტების რაოდენობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ტყემალაძემ.

მისი თქმით, კომუნიკაცია ყველა სოფელთან არის დამყარებული, მათ შორის ცხელი ხაზის მეშვეობით და ინფორმაციას საკოორდინაციო შტაბი რეგულარულად იღებს.

ნიკოლოზ ტყემალაძის განმარტებით, უმეტესად მოქალაქეები ითხოვენ საკვებითა და მედიკამენტებით დახმარებას.

„ჩართულია სამხედრო ძალები, რომლებიც ფიზიკურად მუშაობენ და მოსახლეობამდე მისასვლელ გზებს წმენდენ. ასევე, ამ ადამიანებს მიაქვთ ჩაკეტილ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკვები. არის მედიკამენტებთან და საკვებთან დაკავშირებით მოთხოვნა“, – განაცხადა ნიკოლოზ ტყემალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა მოხდება შესწავლა და შესაბამისი დახმარების გაწევაც.

ნიკოლოზ ტყემალაძის განცხადებით, დაახლოებით 10 ათას აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. გზების გაწმენდის შემდეგ, შესაბამისი სამსახურები შეძლებენ ადგილზე მისვლას და აღდგენითი სამუშაოების დაწყებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები