შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო – როგორც მუნიციპალიტეტები, ისე სამაშველო სამსახურები, ჯანდაცვის შესაბამისი დანაყოფები, პირველივე წუთიდან მუშაობდნენ და პირველივე წუთებიდან წარმოებდა სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებები

„სახელმწიფო – როგორც მუნიციპალიტეტები, ისე სამაშველო სამსახურები, ჯანდაცვის შესაბამისი დანაყოფები, პირველივე წუთიდან მუშაობდნენ და პირველივე წუთებიდან წარმოებდა სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებები“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, გაუგებარია, საიდან მოდის ინფორმაცია, რომ რეაგირება დროულად არ მოხდა.

„ხედავთ, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველო არის დიდთოვლობის ზონაში. ეხება არა მხოლოდ გურიას, აჭარას, სამეგრელოს, რაჭას, იმერეთს – ყველგან არის დიდთოვლობა. ყველგან იყო მობილიზებული უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები, ისე სახელმწიფო უწყებები, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონოდათ. ყველგან იყო ეს სტიქია, სხვადასხვა სიმძლავრის, სად მეტი და სად ნაკლები იქნებოდა, ამის პროგნოზირება შეუძლებელია არა მხოლოდ ნალექის ოდენობიდან გამომდინარე, არამედ იმ მხრივ, თუ რა ზიანი შეიძლება დადგეს.

ყველგან იყო რეაგირება, ხედავდით, რომ დღე და ღამე მიდიოდა სამუშაოები. სამი დღის წინ, როცა დაიწყო [თოვა], მეორე დღეს პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ მუშაობს ყველა მუნიციპალიტეტი უპირველეს ყოვლისა. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მუნიციპალიტეტებს იმიტომ, რომ ისინი არიან პირველები, ვინც ამ დროს რეაგირებენ. ყველა მუნიციპალიტეტში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა როგორც ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალით ადამიანები ცდილობდნენ გამკლავებას.

ამ სტიქიის ფარგლებში აღმოჩნდა გურია, აჭარა, სადაც ნალექი უფრო მეტი მოვიდა, სადაც გარემოს პირობები არ იძლევა საშუალებას, რომ ტექნიკით ყველა საკითხი გადაწყვიტო მაშინ, როდესაც გრძელდება [თოვა]“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც სტიქია ჯერ კიდევ გრძელდება, ხშირად გზის გაწმენდის შემდეგ ისევ ხდება საჭირო გზების ხელახლა გაწმენდა, შესაბამისად, ყველა საკითხი წყდება არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე.

„სახელმწიფო – როგორც მუნიციპალიტეტები, ისე სამაშველო სამსახურები, ჯანდაცვის შესაბამისი დანაყოფები, პირველივე წუთიდან მუშაობდნენ და პირველივე წუთებიდან წარმოებდა სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებები. შემდეგ ვნახეთ, როგორ ვითარდებოდა რეგიონების მიხედვით მდგომარეობა, სად იყო უფრო მძლავრი დიდთოვლობა და სად იყო უფრო მეტად საჭირო რეაგირება, სად უმკლავდებოდა ზოგიერთი მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს დახმარება სჭირდებოდა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს კიდევ ცალკე სპეციალური ყურადღება სჭირდებოდა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია სოლიდარობა.

„ანგაჟირებული პოლიტიკოსების მხრიდან ვითომ ინიციატივები რომ არის, ესეც მისაღებია, ოღონდ რაღაც გაიღონ თავისი მხრიდან და შეეშველონ საქმეს, ესეც მისაღებია. თუმცა, გუშინ შტაბის განცხადებაც იყო – ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შტაბთან კოორდინირებით იმიტომ, რომ ქაოსი, არეულობა და თვითინიციატივა ამ შემთხვევაში შეიძლება, დამაზიანებელი უფრო იყოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები