თემურ მღებრიშვილი: გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე, სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური როგორც გურიაში, ასევე, იმერეთსა და აჭარაში
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, გურიის რეგიონში, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„გუშინ ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა, აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.
მთელი ღამის განმავლობაში, თოვლის ბურანების საშუალებით, მიმდინარეობდა, როგორც სასოფლო გზების გაწმენდა, ასევე მოსახლეობასთან კონტაქტი. ადგილზე მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე თავდაცვის სამინისტრო და ჯგუფებად ვახდენთ თითოეულ სოფელში შესვლას, გადაადგილებას და საკვების მიწოდებას. მეხანძრე-მაშველები, აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებენ ადამიანების გამოყვანას სოფლებიდან.
მუდმივ რეჟიმში ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სოფლებში გადაადგილება და მივყვებით გაწერილ გეგმას.
23 თებერვლიდან გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე და როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს მუშა პროცესი”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.