ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის ტენდენციებზე – 2024 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა, ასევე რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა ოდენობა – 2024 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 68 000-ით გაიზარდა და მილიონ 402 ათასი შეადგინა.
„ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საქართველო, გლობალურად, ერთ-ერთი ლიდერია, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5 პროცენტი შეადგინა, რაც თავისთავად აისახა შრომის ბაზრის მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციებზე – გასული წლის მონაცემებით, რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრობა კი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში.
„შრომის ბაზარს რომ შევხედოთ, სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად ხდება დასაქმების ზრდა, რაც შრომის ბაზარზე ჯანსაღ ტენდენციებზე და ზოგადად, შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს” – აღნიშნა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც, რა თქმა უნდა, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გაჯანსაღდეს შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა ოდენობა, შემცირდეს უმუშევრობის მაჩვენებლები და ასევე გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, ქვეყანაში შეიქმნას უფრო მეტი დოვლათი და ყოველივე ამან ხელი შეუწყოს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებას” – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.