დიმიტრი ხუნდაძე კაია კალასისა და მარტა კოსის მოწოდებებზე: ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, მაგრამ ვფიქრობ, თავად ევროპა უნდა გადაეჩვიოს ამდაგვარ სტანდარტს, ვინაიდან ხედავენ, რომ თავად ზიანდებიან
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მოწოდებებს ეხმიანება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს მოწოდებები კლასიკური ორმაგი სტანდარტია.
„ერთ შემთხვევაში ეუთო/ოდირს პირიქით შეურაცხყოფას აყენებდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები მათ პოზიტიურად შეაფასეს. მაშინ მას არ უსმენდნენ და სხვებსაც უკრძალავდნენ, რომ მათ ეღიარებინათ დასკვნა. ახლა, პირიქით ეუთო/ოდირს დაელოდეთ და მის დასკვნას გავითვალისწინებთო.
ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ, მაგრამ ვფიქრობ, თავად ევროპა უნდა გადაეჩვიოს ამდაგვარ სტანდარტს, ვინაიდან, ხედავენ, რომ თავად ზიანდებიან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასიმ და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსიმ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“. ავტორები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.“