ირაკლი კირცხალია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: რამდენიმე თვის წინ დაიწყო ამ თემის ირგვლივ მუსირება და ჩვენ მაშინ გავაკეთეთ განცხადებები, რომ იმ დროს იყო ერთგვარი რეანიმაციის საშუალება სრულიად განულებული „კოლექტიური ნაცმოძრაობის“

„რამდენიმე თვის წინ დაიწყო ამ თემის ირგვლივ მუსირება და ჩვენ, გუნდის წევრებმა მაშინ გავაკეთეთ განცხადებები, რომ იმ დროს იყო ერთგვარი რაღაც რეანიმაციის საშუალება სრულიად განულებული, ამ აგენტურული ქსელის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

„ამას დავაკვირდეთ, ამასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია უკვე ვიცით, სულ ახლახან მიიღეს ეს გადაწყვეტილება და შევხედოთ, იქ ათეულობით ქვეყანაა, ევროკავშირის წევრი და ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გადაწყვეტილებაც სრულიად უსაფუძვლოა, მაგრამ ამ დროს ძალიან საინტერესო საფუძვლით, რასაც ახლა ვიტყვი.

ეს არ არის ახალი თემა. რამდენიმე თვის წინ დაიწყო ამ თემის ირგვლივ მუსირება და ჩვენ, გუნდის წევრებმა მაშინ გავაკეთეთ განცხადებები, რომ იმ დროს იყო ერთგვარი რაღაც რეანიმაციის საშუალება სრულიად განულებული, ამ აგენტურული ქსელის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“. ყველაზე საინტერესო რაც არის, გუშინ წავიკითხე ევროკავშირის განცხადება, თუ რა ედო საფუძვლად, ძირითადი საფუძველი რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების. ეს იყო ის ორი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პირველი, ეს იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მეორე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, მივმართო მათ, ჩვენ მეგობრებს, რომ როგორ წარმოუდგენიათ, ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა, თურმე ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა. უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი, შოკის მომგვრელია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები