თეა წულუკიანი: პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ამ ეტაპზე, იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას

„პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში] იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

„დღეს საღამოს კვლავ უნდა შევიკრიბოთ ამ კამერების წინაშე და თუ ეს დათქმები შეიცვალა, შემცირდა, დამატებით ახალი დათქმა აღარ გაჩნდა, ჩვენ უნდა ვიმსჯელო იმაზე, თუ რომელი დათქმა რას გულისხმობს, რა არის მისაღები და რა არა. მე ვფიქრობ, წინასწარ ამაზე მსჯელობა არავის ინტერესში არ არის, მოვიცადოთ საღამომდე. დღეს, ამ წუთში რასაც ვსაუბრობთ და თბილისს ველაპარაკებით სტრასბურგიდან, უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ ჩვენი დელეგაცია ამ ეტაპზე იღებს უფლებამოსილების რატიფიცირებას. მიმდინარეობს კვლავ მსჯელობა და ხშირ შემთხვევაში დახურულ კარს მიღმა, რაც 15 წუთიც წინაც იყო დათქმების შემცირებაზე ან მოხსნაზე.

ლიმიტირებულ უფლებამოსილებაზე – კი ხართ უფლებამოსილი და ლეგიტიმური წევრები მაგრამ ვერ იქნებით ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, კომიტეტის ხელმძღვანელი, ან სადღაც მომხსენებელი – ეს პრაქტიკაში ჩვენთვის დიდს არაფერს ნიშნავს, ვერ დაგიმალავთ, რომ ჩვენთვის არანაირი წუხილის საფუძველი არ არის, ვინაიდან იანვრიდან აპრილამდე ჩვენი დელეგაციის წევრი არც კი ვგეგმავდით რომელიმე თანამდებობაზე პრეტენზიის გაცხადებას, ან რომელიმე მონიტორინგში მონაწილეობას, რადგან სახლში ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს, მეც ახალი ხელმძღვანელი ვარ დელეგაციის, ჩემს დელეგაციაში არაერთი ახალი წევრი მყავს ქართული ოცნების პარტიიდან, ოპოზიციის ადგილები ვაკანტურია და იმედია თებერვალში შეივსება, თუ რომელიმე პარტია მოეგება გონს და შესაბამისად, ჩვენ არც ვგეგმავდით ამ უფლებების გამოყენებას. ამიტომ ეს ეწერება თუ არა, ამაზე მსჯელობაზე ენერგიას არ ვხარჯავთ. სხვა დათქმებია პრობლემატური და განსაკუთრებით ის არის წითელი ხაზი, რომ წერია ახალი არჩევნები“, – აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები