ირაკლი კირცხალია – ლობიზმსაც სჭირდება ხელჩასაჭიდი საკითხები, როდესაც იძახი, 300 ათასი ხმა გააყალბესო და შემდეგ ერთი ფაქტი ვერ მოგყავს
„ლობიზმსაც სჭირდება ხელჩასაჭიდი საკითხები, როდესაც იძახი, 300 ათასი ხმა გააყალბესო და შემდეგ ერთი ფაქტი ვერ მოგყავს, რთულია, ამაზე რამე თქვა. ლობიზმით რასაც ფიქრობენ, იმას ობიექტური ხელჩასაჭიდი არაფერი არ აქვს, „– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიამ კომენტარი გააკეთა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკის სტატიასთან დაკავშირებით, სადაც იოზვიაკი აღნიშნავს: „ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო, ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდითო“.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს საჯაროდ ვერ ამბობენ უმაღლესი და პოლიტიკური თანამდებობის პირები. ისინი ერთმანეთთან საუბრისას ამბობენ, რომ რეალურად რასაც ვფიქრობთ, საჯაროდ ვერ ვამბობთო. ეს ხომ არ არის იმ ე.წ. უხილავი ხელის დამსახურება, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ევროპულ ბიუროკრატიაში „დიფ სთეითს“ და მის გავლენას ეძახიან? რაც არ უნდა „დიფ სთეითი“ მოქმედებდეს, რა დავალებაც არ უნდა მოდიოდეს მის დამქაშებთან და შემსრულებლებთან იმ უხილავი ხელიდან, რაც გინდა ლობიზმით გაჟღენთილი იყოს განცხადებები და რაც არ უნდა ლობისტური საქმიანობით იყო დაკავებული, ლობიზმსაც სჭირდება ობიექტური ხელჩასაჭიდი საკითხები, რომელსაც შემდეგ ლობიზმს ზემოდან დააშენებ. როდესაც იძახი, 300 ათასი ხმა გააყალბესო, შემდეგ ერთი ფაქტი ვერ მოგყავს, 300 ათასზე კი არა, 300 ხმაზე, როდესაც გამჭვირვალედ, ლუპის ქვეშ მუშაობს პროკურატურა და შუალედურ განცხადებას განცხადებაზე აკეთებს, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რამდენი ადამიანი გამოიკითხა და ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, უბრალოდ რთულია, ამაზე რამე თქვა. ყველაზე საინტერესოა, რატომ ვერ ამბობენ, რასაც რეალურად და ობიექტურად ფიქრობენ. რასაც ლობიზმით ფიქრობენ, იმას ობიექტური ხელჩასაჭიდი არაფერი არ აქვს. ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.