დავით მათიკაშვილი: პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ის დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

“პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა, ბუნებრივია, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად. ასეთი რამ ვერ მოხდება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მისამართით ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ცალკეული ქვეყნების ელჩების განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველა, ვინც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს, ქვეყნის კონსტიტუციას შეურაცხყოფს.

„ერთ ქვეყანას თუკი დაასახელებთ მსოფლიოში, სადაც შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყა, სილა გააწნა და ეს ყველაფერი დარჩეს დაუსჯელად, არ ვიცი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, იმის საფუძველი, რომ ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, მაგრამ არ არსებობს ასეთი ქვეყანა, რადგანაც პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს თავდასხმა ბუნებრივია, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ვერ იქნება გამოყენებული ვერანაირი საშუალება საქართველოზე პედალირებისთვის და შანტაჟისთვის იმ კუთხით, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელობა გახდეს საზოგადო, ეს ჩაითვალოს ჩვეულებრივ მოვლენად. ასეთი რამ ვერ მოხდება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ყველა, ვინც მსგავს რამეს ითხოვს, იქნება ეს დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუ უცხო ქვეყნის კონკრეტული ჩინოვნიკები, ამით პირდაპირ შეურაცხყოფს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, „სისხლის სამართლის კოდექსს“ და იმ საზოგადოებას, რომელიც სამართლიანობას და კანონის უზენაესობას აღიარებს. ამიტომ ყველა კარგად დაფიქრდეს მსგავს განცხადებებზე, რადგან ბუნებრივია, ასეთ განცხადებებს შესაბამისი პასუხიც უნდა მოჰყვეს და ამ პასუხს აუცილებლად საზოგადოება მათ მოსთხოვს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. „ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები