არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის საქმეზე: დიპლომატები ამ ქვეყანაში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს და უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას, რაც ხდება მათ ქვეყანაში – ახლა კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და თქვან როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში პოლიციელზე ხელის გარტყმის შემთხვევაში და თავი დაანებონ თითის ქნევას

„საინტერესოა, როგორია ევროპული სტანდარტი და მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თუ ვინმე გაბედავს და სამართალდამცველს ხელს შემოარტყამს, რა რეაქცია ექნება ზოგადად სამართალდამცავ სისტემას“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის ხელის გარტყმასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „დიპლომატები ამ ქვეყანაში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს. უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნების სახეები და უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას, რაც ხდება მათ ქვეყანაში და ახლა კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და თქვან რას აკეთებენ თვითონ და როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში ასეთი, ან მსგავსი ქმედებების მიმართულებით და თავი დაანებონ თითის ქნევას“.

„არ დაგვავიწყდეს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ყვითელჟილეტიანების თუ ნარინჯისფერჟილეტიანების აქციების დროს, სადაც ათასობით ადამიანი დააკავეს, სადაც ათასობით ადამიანმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და ზოგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ზოგი სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებლობაში მიეცა. როდესაც პოლიციელს სილას აწვნი, ამით სილას აწვნი მთლიანად სახელმწიფოს და შესაბამისად, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სტანდარტი არის, რომ ადამიანები, რომლებიც სილას აწვნიან სამართალდამცავ სისტემას და თავს ესხმიან, მათ მიმართ კანონი არის ძალიან მკაცრი. ზუსტად ანალოგიურად, სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს ჩვენ ჩვენს ქვეყანაში და როდესაც საკუთარ ქვეყანაში ზუსტად იგივე ქმედებებზე უფრო მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოგვიწოდებენ, გვამუნათებენ გადადგმულ ნაბიჯებში, ზუსტად ეს არის ორმაგი და სამმაგი სტანდარტი. როდესაც საკუთარ ქვეყნებში კიდევ უფრო მეტად მკაცრი კანონმდებლობა აქვთ, კიდევ უფრო მეტად მკაცრად სჯიან და პასუხისმგებლობას აკისრებენ ადამიანებს, რომლებიც უხეშად არღვევენ კანონს, ჩვენს მიმართ რატომ არის ხოლმე განსაკუთრებული შენიშვნები და თითის ქნევები?! მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატები არიან, დიპლომატები ამ ქვეყანაში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს. უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნების სახეები და უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას, რაც ხდება მათ ქვეყანაში და ახლა კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და თქვან რას აკეთებენ თვითონ და როგორ რეაგირებენ საკუთარ ქვეყნებში ასეთი, ან მსგავსი ქმედებების მიმართულებით და თავი დაანებონ თითის ქნევას. არ დაივიწყონ, რომ ისინი არიან დიპლომატები და პატივი უნდა სცენ თავიანთ სტატუსს და მათ შორის, განსაკუთრებით იმ ქვეყანას, სადაც თავიანთმა ქვეყნებმა მოავლინეს როგორც დიპლომატები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები