რატი იონათამიშვილი: ის კეკლუცობა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს, რომ თითქოს ემიჯნებიან „ნაცებს“ და ამიტომ თავიდან ბოლომდე „ნაცების“ საქმის კეთება სურთ, არის ფარისევლობა
„ის კეკლუცობა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს, რომ თითქოს ემიჯნებიან „ნაცებს“ და ამიტომ თავიდან ბოლომდე „ნაცების“ საქმის კეთება სურთ, არის ფარისევლობა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ერთ-ერთ „ფეისბუქ ჯგუფში“ მითითებას გასცემს, რომ აქციის მონაწილეებმა მაგისტრალები გადაკეტონ.
„ეს არის „ნაცების“ აქცია, ეს არის „ნაცების“ ჯგუფი და სცენარი. ყველაფერი რაც ხდება, რასაც ეს ადამიანები გეგმავენ, ეს არის „ნაცების“ დაგეგმილი და მათ დაკრულზე ცეკვა. ის კეკლუცობა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს, რომ თითქოს ემიჯნებიან „ნაცებს“ და ამიტომ თავიდან ბოლომდე „ნაცების“ საქმის კეთება სურთ, არის ფარისევლობა. სიმართლეს ჩვენს საზოგადოებას ვერ დაუმალავენ. თან თითქოს რცხვენიათ „ნაცობა“ და ამავე დროს, არიან სინამდვილეში მოწინავე „ნაცები“. რაც უფრო მეტს შეეცდებიან, რომ მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მით უფრო მტკივნეულ პასუხს გასცემს მათ ქართველი ხალხი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.