უკრაინაში თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრი“ (ACAC) ავრცელებს.
მათივე ცნობით, უმეროვს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
24 იანვარს უმეროვმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა შუამდგომლობა მისი მოადგილის, დიმიტრი კლიმენკოვის გადაყენების თაობაზე და ასევე თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის შეუსრულებლობის გამო, არ გააგრძელებს ხელშეკრულებას თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელთან, მარინა ბეზრუკოვასთან.
„NABU-მ (უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო) დაარეგისტრირა საქმის წარმოება სსკ-ის განცხადებაზე დაყრდნობით რუსტემ უმეროვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ამრიგად, მინისტრის ქმედება შეიძლება იყოს 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჩადენილი დანაშაული. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის „უფლებამოსილების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“, – ნათქვამია ცენტრის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.