ნიკოლოზ სამხარაძე – უნგრეთში ვიზიტზე: როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე ჩვენ გვექნება სტრატეგიული ურთიერთობები
“უნგრეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე ჩვენ გვექნება სტრატეგიული ურთიერთობები”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შედგება.
„პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე ვისაუბრებთ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ ვისაუბრებთ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს, მათ შორის, რეგიონულ გამოწვევებზე. მოვისმენთ მის აზრს, თუ როგორ ხედავს ის პერსპექტივაში როგორც უკრაინის საკითხის მოგვარებას, ასევე ევროკავშირში მიმდინარე საკითხების მოწესრიგებას. ვიცით, რომ ბატონი ორბანი არის აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამებრძოლი და თანამოაზრე. შესაბამისად, საინტერესო იქნება მისი ასევე მისი მოსაზრების მოსმენა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ მას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სამხარაძემ.