მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით – ეს იქნება ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იქნება ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუარესებისკენ და არა გაუმჯობესებისკენ
„როდესაც ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებულია რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩვენ დავინახოთ მზაობა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას შეეხებოდა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს იქნება ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს და მიმართული იქნება ამ ურთიერთობების გაუარესებისკენ, და არა გაუმჯობესებისკენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.
„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.