ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაპაროვმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში კრძალავს ისეთი სამოსის ტარებას, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის.
ჯაპაროვმა რელიგიურ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც ნიქაბის (სამოსის, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს სახეს) ტარებას ზღუდავს.
გამონაკლისს წარმოადგენს სამოსი, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოსა და სამსახურებრივ საქმიანობასთან ან სამედიცინო ჩვენებების გამო ფარავს სახეს.
გარდა ამისა, ცვლილებები კრძალავს “სხვა რელიგიური სწავლებების მიმდევრების, რელიგიურად ნეიტრალური ადამიანებისა და ათეისტების საკუთარ რელიგიაში მოქცევის მცდელობებს”, ასევე რელიგიური რიტუალების ჩატარებას მოხუცთა თავშესაფრებში, ციხეებში, სამხედრო ნაწილებში და სხვა დაწესებულებებში. აკრძალულია ასევე რელიგიური ლიტერატურისა და სხვა მასალების გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ადგილებში და სახლების შემოვლისას.
ნებისმიერი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 20,000 სომის ოდენობის ჯარიმა (დაახლოებით 220 ევრო). ყირგიზეთის პარლამენტმა კანონპროექტს მხარი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაუჭირა.