“ოპოზიციას რაღა დარჩა, გარდა ქუჩის პროტესტისა? სხვა არაფერი, ვერ ამტკიცებენ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა” – ზაალ ანჯაფარიძე
“ოპოზიციას რაღა დარჩა, გარდა ქუჩის პროტესტისა? სხვა არაფერი, ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანჯაფარიძე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“რაც შეეხება უწყვეტ პროტესტს, ვფიქრობ, ეს ოპოზიციის ბოლო იმედია, ბოლო ინსტრუმენტია მათ ხელში, რომ რაღაცნაირად შეძლონ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ მათ მხარდამჭერებთან ერთად პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ. ოპოზიცია ხომ მარტო პოლიტიკური პარტიები არაა, არიან მათთან აფილირებული ჯგუფები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ანუ კოლექტიური ოპოზიცია რომ ვუწოდოთ.
აქციების უწყვეტობა მათი ბოლო ნავსაყუდელია, თუ შეიძლება, ასე ითქვას. თუ უწყვეტობა შეწყდა, აქციები გაჩერდა, შესაბამისად, დასავლეთშიც, დიდი ალბათობით, იფიქრებენ, რომ კრიზისი განიმუხტა, მაშინ ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს? ოპოზიციის ტყავში რომ ჩავძვრეთ: რაღა დარჩათ მათ, გარდა ქუჩის პროტესტისა? სხვა არაფერი, ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ არჩევნები გაყალბდა, ამის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვერცერთი სერიოზული საბუთი ვერ წარმოადგინეს. მაგრამ, ახლა უკვე გაცხადებული პოზიციიდან უკან ხომ არ დაიხევენ? პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ერთი რამ დარჩათ – რომ როგორმე ამ უწყვეტი პროტესტით, გარედან ზეწოლით აიძულონ ხელისუფლება, ახალი არჩევნები დანიშნოს. აქაც როგორ კოლიზიასთან გვაქვს საქმე – ოპოზიცია თანახმაა ახალ არჩევნებზე მხოლოდ იმ პირობებით, რაც საჭიროდ თავად მიაჩნია. მათ მიაჩნიათ, რომ უნდა შეიცვალოს ცესკო, პროკურატურა, სასამართლო, ძალოვანი სტრუქტურები და იქ მათთვის მისაღები ხალხი დაინიშნონ. ამას ღიად ვერ იტყვიან, მაგრამ უნდათ, რომ ეს სტრუქტურები მეტ-ნაკლებად მათი გავლენის ქვეშ მოექცეს და ამ პირობებში ჩატარდეს არჩევნები, “ქართული ოცნება” იყოს განიარაღებული. თუკი “ქართული ოცნება” დათანხმდება არჩევნების ჩატარებას ამ პირობებზე, მაშინ ის არჩევნებზე გამოვა როგორც დასუსტებული პოლიტიკური ძალა. იმიტომ, რომ მისი ამომრჩეველი ვერ გაიგებს მის პოზიციას: თუკი, როგორც “ქართული ოცნება” ამბობს, რომ არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაშინ რა ლეგიტიმური საფუძველი აქვს ახალი არჩევნების მოთხოვნას? მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს, პოლიტიკური პარტიების ერთ ნაწილს, რომლებიც უმცირესობას შეადგენენ, ასე უნდათ? წარმოიდგინეთ, შორს რომ გავიხედოთ და დიდი სურათი დავინახოთ – დავუშვათ, ახალი არჩევნები დაინიშნა, რა პრეცედენტი შეიქმნება სახელმწიფოში? ჯერ ერთი არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ ამით კრიზისი განიმუხტება, მეორე – გამოდის ყოველ ჯერზე ჩატარებულ არჩევნებზე, თუ რომელიმე პოლიტიკურ, ან საზოგადოებრივ ჯგუფს მისი შედეგები არ მოეწონა, ისინი გამოვლენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მაშინ სადამდე მივალთ? ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს, ჯერჯერობით, ვერ მტკიცდება, ამის შემდეგ ექნებოდა ახალი არჩევნების მოთხოვნას ლეგიტიმური საფუძველი”- განაცხადა ანჯაფარიძემ.