აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ “ეხო კავკაზა” წერს.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა.
„ეხო კავკაზას” ცნობით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები. პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.