“ჩვენ ვერ გვაპატია „კოლექტიურმა დასავლეთმა“ ის, რომ ჩვენ ინდივიდუალური პოზიციონირების უფლება მოვითხოვეთ” – ლევან მაჭავარიანი
“ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ ვერ გვაპატია „კოლექტიურმა დასავლეთმა“ ის, რომ ჩვენ ინდივიდუალური პოზიციონირების უფლება მოვითხოვეთ, ვინაიდან იმავე რიტორიკით ვერ დაველაპარაკებოდით რუსეთს და იმავე ნაბიჯებს ვერ გადავდგამდით თუნდაც სანქციების კუთხით და თუნდაც მეორე ფრონტის კუთხით”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ჩვენ ნატოს ქოლგა არ გვიცავს და წამოვიდა ის ნიაღვარი დეზინფორმაციის. სულ რამდენიმე თვის წინ ამერიკა გვადანაშაულებდა, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლაო, ჩავიდა ერთ კვირაში მონღოლეთში და თქვა, რომ მონღოლეთი არის დემოკრატიის ოაზისიო.
ჩვენ შეგვიჩერეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იყო, საქმეში ეს არ იყო გამოხატული და გაუფორმეს მაგალითად, სომხეთს. იმიტომ შეგვიჩერეს, რომ თითქოს, რაღაც რუსულ ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი მაგალითი მაინც მოგვიყვანოს ვინმემ, როდის გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის განმავლობაში რუსული საქმე. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც რუსეთს სასამართლო პროცესები მოვუგეთ ჰააგასა და სტრასბურგში და დავარქვით ოკუპანტი, მოვხსენით ის რისკები, რაც „ნაცმოძრაობამ“ დააბრალა ჩვენს სამხედროებს, რომ თითქოს, მათ ჩაიდინეს ომის დანაშაულები.
სომხეთი საწინააღმდეგო მე არაფერი არ მაქვს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, უბრალოდ მე ორმაგ სტანდარტებზე ვსაუბრობ. ამასობაში სომხეთს უფორმებენ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მაშინ, როდესაც სომხეთი დსთ-ს წევრი ქვეყანაა და პარტნიორობა აქვს რუსეთთან სამხედრო სფეროშიც, ირანის პარტნიორიც არის. ჩვენ არანაირი დიპლომატიური კავშირი არ გაგვაჩნია რუსეთთან. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ კარგად გადახარშონ, როგორ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს ჩვენ საქმე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.