“დიდი შვიდეულის“ ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რომელსაც აქვს პოტენციალი უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, – ამის შესახებ განცხადებას “დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავრცელებენ.
მათივე თქმით, სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობა და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გზის გახსნა.
„მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარს და შეერთებულ შტატებს ამ მოლაპარაკებების შუამავლობაში დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებებში, რათა უზრუნველყონ მისი სრული განხორციელება და საომარი მოქმედებების მუდმივი დასრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
“დიდი შვიდეულის“ ლიდერები ირანს და მის მოკავშირეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმებისგან.
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „დიდი შვიდეული“ მხარს უჭერს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით მოგვარებას.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტამდე მიდის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები იცხოვრებენ გვერდიგვერდ მშვიდობით, ღირსებითა და უსაფრთხოებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.