„ყველაზე მეტად ფიჭის სანთლები მიყვარს“ – ნინო ყარმაზანაშვილის სურნელოვანი ნაკეთობები და „დილის სხივთა სიმღერაში ფუტკრის ზუზუნი“

ფოტოებზე თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ რომ ვერ მოწყდეთ ნატურალური თაფლის სანთლისგან დამზადებულ თიხის მინიატურულ ქოთნებს, ვაზის და ქვევრის ორნამენტებით. ფუტკრების ცვილის და ფიჭის  სანთლებს, ფიალებს…
შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით მიგიზიდავთ საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები, ნაძვის ხეები, ფიფქები, თოვლის პაპები… სწორედ ამ ნაკეთობებით დაინტერესება  გახდა ინტერვიუს მიზეზი.  – ნინო ყარმაზანაშვილის პერსონა.

– ფილოლოგების ოჯახში დაიბადეთ…
– ყოველთვის ვამაყობ, რომ პედაგოგების (ფილოლოგების) ოჯახში დავიბადე, თუმცა კი, მამას თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. ის თავისი ადამიანობით, პატიოსნებით, ღირსეული ცხოვრებით ყოველთვის გამორჩეული და მისაბაძი პიროვნება იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ჩემს სოფელში მდინარე არაგვი მოედინება, გარშემო კი დიდი მთები აკრავს.  როგორ შეიძლება, ასეთ სილამაზეში დაბადებულს ბუნება და ხელოვნება არ გიყვარდეს? სილამაზისადმი სიყვარული უფრო მამისგან და პაპისგან მომყვება, ჩემს ბავშვობაში პაპას ისეთი ლამაზი ეზო ჰქონდა გაშენებული, ხალხი მის სანახავად მოდიოდა …
– დეკორატიული სანთლების დამზადება ფუტკრის ცვილისგან თითქმის ერთი წელია, რაც დაიწყეთ… მეუღლე მეფუტკრეა და იდეა სწორედ მეფუტკრეობისაგან დაიბადა…
– მეუღლის მეფუტკრეობა უკვე 30 წელს ითვლის. თავადაც ფუტკარივით მშრომელი და საუკეთესო ადამიანია. ძალიან მიყვარს ფუტკართან მისი მუშაობის ყურება, ზოგადად, ყველაფრისადმი მსგავსი დამოკიდებულება აქვს, არ უყვარს ზერელედ რაიმეს კეთება, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ფუტკართან მაინც სხვა პასუხისმგებლობა, სიყვარული იგრძნობა და ძალიან სასიამოვნო საყურებელია.
აქედან მოდის ფუტკრებისადმი ჩემი სიყვარულიც. ვფიქრობ, ფუტკარი ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი, სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა.
სუფთა სანთელი რომ მიიღო, ფიჭა უნდა გაადნო, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა, ამ დროს ჰაერში საოცარი სურნელი ტრიალებს, ადრეც ხშირად აღმინიშნავს, რომ სამი საოცარი სურნელი არსებობს: ჩვილი ბავშვის, გამომცხვარი პურის და სანთლის.– გაქვთ გვერდი „ჩვენი საფუტკრე“, სადაც ხშირად აქვეყნებთ თქვენს ნამუშევრებს – ფუტკრების ცვილისგან და ფიჭისგან დამზადებულ სანთელებს, ფიალებს, ნაძვის ხეებს, სანტა კლაუსებს, ფუტკრის პროდუქტებს…
– ყველაზე მეტად ფიჭის სანთლები მიყვარს და ყველაზე მეტი შეკვეთაც მასზეა. ფიალებიც ძალიან მოსწონთ… პატარა ბეკეკოებიც ძალიან მიყვარს.
– ერთი ნამუშევრის ისტორია.
– სულ პირველი ფიგურა გულის ფორმის იყო. საიუბილეო (ტორტის) ციფრების გადავადნე და სილიკონის  ნამცხვრის ფორმაში ჩამოვასხი, ძალიან მომეწონა და მერე უკვე ფუტკრის ცვილი გადავადნე,უფრო უკეთესი გამოვიდა, შემდეგ ფიჭის სანთელი დავამზადე და ნელ-ნელა ფიგურები გავამრავალფეროვნე.

– ჟინვალში, ისტორიულ ადგილას ცხოვრობთ… გარემოც ალბათ მოქმედებს შთაგონებაზე თავისებურად…
– ჟინვალის ლამაზი, ჯანსაღი გარემო უფრო მეტად ჩვენი პროდუქციის ხარისხზე მოქმედებს, შთაგონებასა და იდეებზე – ნაკლებად… ახალი იდეა უფრო სანთლის „კეთების” პროცესისას ჩნდება.
–  საახალწლო – საშობაო დღეებია… მთელი ენერგიით ხართ ამ საქმეში ჩართული. ალბათ ხელნაკეთებზე უკეთეს საჩუქარს ვერ ინატრებს ადამიანი…
– საახალწლოდ ცოტა ფასდაკლება გავაკეთე, რათა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო შეძენა და საახალწლო გარემოს ჩვენი სანთლებით კიდევ უფრო მეტად გალამაზება.მოთხოვნაც საახალწლოდ მორთულ ფიჭის სანთლებზე იყო, რომელთა დამზადებასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა, მაგრამ მომხმარებლის სიყვარულით სავსე უკუკავშირი და უთბილესი ესემეს-ები ძალას უფრო მეტის კეთების სურვილს მმატებდა.– როგორც ვიცი, ოჯახის წევრები ჩართულნი არიან ამ საქმეში…
– ამ საქმიანობაში სრულიად ოჯახი ვართ ჩართული… გვყავს ორი შვილი, ორივენი გარკვეულწილად ჩართულები არიან ჩემს საქმიანობაში და ძალიან მეხმარებიან მის წარმოებასა და განვითარებაში. ფაქტობრივად, ეს ერთობლივი საოჯახო საქმიანობაა. უმცროსი მეორე კურსის სტუდენტია. რეგიონიდან თბილისში ყოველდღე მიწოდება ცოტა რთული პროცესია და ბევრს ვერ მოუხერხდება. მეტროსთან მიწოდება უფასოდ გვაქვს (დანარჩენ შემთხვევაში საკურიერო კომპანიით) თბილისში როცა გვაქვს შეკვეთა, მიწოდებაში ჩემი შვილი მეხმარება, რადგან თითქმის ყოველდღიურად უწევს სახლიდან ლექციებზე სიარული და თუ შეკვეთა დიდი მოცულობის არ არის, მას ვატან, შემკვეთსაც მცირე თანხა ეზოგება ასე…
უფროსი შვილი უფრო სხვა მხრივ არის ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი საქმეც ბევრი აქვს. ძალიან მეხმარება. ის უზრუნველგვყოფს ყველა იმ ინვენტარითა თუ ,,რესურსით”, რაც ჩვენს საქმიანობას ესაჭიროება.
ადრე თავს ვიკავებდი და რაც წლები გადის უფრო ვამაყობ ჩემი შვილებით, ვამაყობ, რომ უფროსმა სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა და კალიფორნიის, სან-დიეგოს უნივერსიტეტის სოლიდური გრანტიც საკუთარი ცოდნით, ნიჭითა და შრომით მოიპოვა, მაგისტრატურაც გრანტით დაამთავრა – მადლობელი და მადლიერი ვარ ღმერთის ასეთი შვილების დედობა (მშობლობა) რომ გვარგუნა.
– ფუტკართან ურთიერთობა  მაინც განსაკუთრებული მგონია… რომელ ყვავილებს ეტანება უფრო მეტად ფუტკარი?
– ასე მგონია, ფუტკარი გრძნობს ადამიანების სიყვარულს, თუ დააფასე – დაგიფასებს, მისი ღალატი არ შეიძლება… და პატივს ვცემ ყველა იმ მეფუტკრეს, რომლისთვისაც თაფლის წარმოება მხოლოდ ბიზნესთან არ ასოცირდება… გიორგი ლეონიძის არ იყოს, მეც ძალიან მიყვარს, „დილის სხივთა სიმღერაში ფუტკრის ზუზუნი“ – შეუძლებელია ამ ხმებს უსმენდე (იგებდე) და ფუტკარი არ გიყვარდეს. თითქმის იშვიათია ყვავილი, ფუტკარს არ მოსწონდეს, თუმცა თაფლს ყველა მცენარის ნექტრისგან არ იღებს, ზოგისგან მტვერს აგროვებს. ერთი სიტყვით, თუ ამინდი ფუტკარს ხელს უწყობს, უსაქმურად ვერ ნახავთ…
–  ასეთი ფალსიფიცირებული პროდუქტების ფონზე, როგორ უნდა მოიპოვოს მეფუტკრემ ნდობა?
– ფალსიფიკაცია მეფუტკრეობის ყველაზე დიდი მტერია და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. მართლა არ მაქვს რჩევა, როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, ვინ პატიოსანი მეფუტკრეა და ვინ – მეთაფლე. ის კი ვიცი, რომ მომავალშიც არასდროს დავაღალატებთ ჩვენი თაფლის მომხმარებელს და ყოველთვის მხოლოდ იმას შევთავაზებთ, რასაც ჩვენი ყოჩაღი ფუტკრები გვაძლევენ. მიხარია, რომ ჩვენი თაფლი (მცირე, მაგრამ მაინც) იგზავნება (ინდივიდუალური შეკვეთებით) საზღვარგარეთ და ქართულ, ხარისხიან თაფლზე წარმოდგენის შექმნაში ჩვენს თაფლსაც თავისი მცირე წვლილი მიუძღვის.
–   ჰობი…. სამომავლოდ როგორ აპირებთ თქვენი საქმიანობის გაფართოებას?
– ჩემი საქმიანობის განვითარება, ძირითადად, მომხმარებელზეა დამოკიდებული. ჩემი მხრივ, ვეცდები, ყოველ ჯერზე უკეთესი ნაკეთობა და კიდევ უფრო განსხვავებული სიახლეები შევთავაზო.

                                                                         

   თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები