ვლადიმერ ბოჟაძე: სანქციების გაუქმება, ბუნებრივია, შესაძლებელია, ვინაიდან ამის მაგალითებიც არსებობს

სანქციების გაუქმება, ბუნებრივია, შესაძლებელია, ვინაიდან ამის მაგალითებიც არსებობს, – ამის შესახებ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორებთან სივრცე დატოვებული აქვთ საუბრისთვის, მაგრამ ამ სივრცეში ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონება, იმიტომ, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა.

„სანქციების გაუქმება, ბუნებრივია, შესაძლებელია, ვინაიდან ამის მაგალითებიც არსებობს. თუმცა, რატომ ველოდებით ჩვენ ოპტიმიზმით ბატონი პრეზიდენტის ინაუგურაციას და შემდგომ გადახედვას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ, იგივე ევროკავშირთან. რაც ყველაზე მთავარია, ომებთან მიმართებაში მთელ მსოფლიოში, იმიტომ, რომ ის გზავნილი, რითაც მან მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, უკავშირდება სწორედ მშვიდობას, მშვიდობის დამყარებას. იცით თქვენ, რომ სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ხალხთან ურთიერთობაში. ამიტომ, ჩვენ მშვიდობის სახელით გავიმარჯვეთ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში, მშვიდობის სახელით გაიმარჯვა ტრამპმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბუნებრივია, 21 იანვრიდან, დილიდანვე ამ თვალსაზრისით სწრაფად არ შეიცვლება, თუმცა, მათ შორის, მშვიდობის საკითხი და მთავარი, ის ღირებულებები, რითაც ტრამპმა გაიმარჯვა, ეს არის იცით თქვენ, ოჯახური ღირებულებები, ტრადიციები, ოჯახის კულტი. მათ შორის ის, რომ იგივე კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებაში, რომელზეც ძალიან ბევრს გვსაყვედურობს ზოგიერთი ევროპარლამენტარი თუ ევროკავშირის მაღალჩინოსნები. იცით თქვენ, რომ ანალოგიური კანონის მიღებას თავად ტრამპი აპირებს და მისი გაცხადებული პოლიტიკა მშობლებთან მიმართებაში, ოჯახურ ღირებულებებთან, ქრისტიანულ ღირებულებებთან დაკავშირებით აბსოლუტურ თანხვედრაშია იმასთან, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობდით. ამიტომ, თავისთავად, ამერიკის პოლიტიკა გამოიწვევს გადატვირთვას ევროკავშირთან“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული აქვთ.

„ჩვენ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში, ინაუგურაციამდეც შეიძლება რაღაც სიახლეები ამ მიმართულებით იყოს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან სივრცე დატოვებული გვაქვს საუბრისთვის, მაგრამ ამ სივრცეში ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონება, იმიტომ, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა და ჩვენ ამას ვხედავთ არა ერთი წელია უკვე, განსაკუთრებით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, როდესაც პირდაპირ იყო საუბარი მასთან, რომ ჩვენ მოვაგვარებთ ყველა პრობლემას რომლებიც, როგორც აღმოჩნდა სწორედ მათ გამო შეექმნა ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ როგორმე იქნებ თქვენ პოლიტიკურ გუნდს უთხრათ და დაიწყოს ის თამაში, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება. თუმცა, ეს საკითხი, როგორც გითხარით, დახურულია და არასდროს აღარ გადაიხედება“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები