სულხან მოლაშვილი: რატომ ვერ ამჩნევდა ევროსაბჭო ადამიანის უფლებების დარღვევებს „ნაციონალების“ დროს

ვიდრე პროკურატურა ბოლომდე არ გამოიძიებს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ამ საქმეებს საერთაშორისო საზოგადოებას არ გააცნობს, მანამდე ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ხელისუფლება შენიშვნებს უნდა ელოდოს, – ასე ეხმაურება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეს მიერ მიღებულ რეზოლუციას.

სულხან მოლაშვილი „კვირასთან“ საუბრისას იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ დაიმსახურა ის შენიშვნები ხელისუფლებამ, რომელიც რეზოლუციაში იყო აღნიშნული.
„უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც ევროპის საბჭოს, ასევე საქართველოს საზოგადოების მხრიდან მთლიანად და სრულყოფილად არ არის შეფასებული სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ანტიადამიანური სამართლებრივი პოლიტიკა. თუკი ჩვენ შევაფასებთ სააკაშვილის და მისი დამქაშების პენიტენციალურ და მთლიანად სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, დავრწმუნდებით, რომ ეს იყო ადამიანების დათრგუნვისკენ მიმართული როგორც კანონმდებლობა, ასევე, ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება. ზუსტად ამ მაღალჩინოსნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სწორედ ეს პირები იყვნენ იმ თანამდებობაზე, ვისაც უშუალოდ ევალებოდა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა. ზუსტად ეს ადამიანები სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს. აუცილებელია, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოიძიოს ყველა ჩადენილი დანაშაულის საქმე, რომლის სრულ პანორამას საერთაშორისო საზოგადოებას გააცნობს. ვიდრე ჩვენი საზოგადოება არ გახდება ღირსი, იმისა რომ გამოძიებულ იქნას „ციხის ბუნტის“ საქმე, მიტინგების დარბევის საქმე, პრეზიდენტის მიერ დაქირავებული ზოდნერბრიგადების მიერ ახალგაზრდების დარბევების, დაშინების და ცემა-ტყეპის ფაქტები, მანამდე ეტყობა ევროპის საბჭოს წარმომადგენელებსაც დააკლდებათ ის ინფორმაცია, რომ სრულყოფილი სურათი წარმოიდგინონ, თუ რა ხდებოდა საქართველოში ამ მაღალიჩინოსნების მმართველობის დროს. ეს ერთ-ერთი მიზეზეია იმისა, რომ ასე დაუმსახურებლად მივიღეთ ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან შენიშვნები.
დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ ვიდრე ამ დანაშაულებებს ფარდას არ ახდის, ვიდრე ამ ფაქტებს არ მიაწვდის საერთაშორისო საზოგადოებას და არ დაანახებს კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილი ქმედებების ნამდვილ შინაარსს, მანამდე ეს ხელისუფლება ვერ ასცდება ასეთ დაუმსახურებელ შენიშვნებს“, – აცხადებს სულხან მოლაშვილი
საფრანგეთში მყოფი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე „კვირასთან“ საუბრისას კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე ევროსაბჭოს წარმომადგენლები ლობირებენ და დღემდე ისინი აფინანსებენ. „ევროსაბჭოს ეს შენიშვნები არის პროდუქტი ლობისტური საქმიანობისა, რომელიც მათთვის ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, მათ მიერ დატრიალებული შავი ფულით, რომელიც აგრეთვე ბიუჯეტთან ერთად მოპარული აქვთ სხვადახვა არამართლზომიერი ფინანსური ოპერაციებით, ისევე როგორც დანაშაულებრივი ქმედებებისაგან. იქნებოდა ეს, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ნარკოტიკების ბრუნვაში უკანონო მონაწილეობა და ასე შემდეგ“, – ამბობს სულხან მოლაშვილი.
თანამდებობის ყოფილი პირი კიდევ ერთ მინიშნებას აკეთებს. „საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რატომ ვერ ამჩნევდა ევროპის საბჭო საქართველოში პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკას, სწორედ მაშინ, როდესაც ეს მაღალჩინოსნები ქვეყანას მართავდნენ, და დღეს, ცალკეულ ერთეულ შემთხვევას ისე ამჩნევს და ისეთი ალიაქოთია ატეხილი, რომ გეგონებათ პირველად მოხდა, რომელიმე კონკრეტული მაღალჩინოსნის დაპატიმრება“, – აცხადებს მოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 2 თებერვალს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად.
რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეებს, ასამბლეა აცხადებს: “ასამბლეა მხედველობაში იღებს დიდი რაოდენობის ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სერიოზულად ვართ შეშფოთებული ჩივილით, რომ მათი დაპატიმრება და სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, სამართალი კი შერჩევითი და რევანშისტულია”, – წერია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები