რა შედეგებს მოუტანს მსოფლიოს COP29
გაეროს კლიმატის ცვლილების (COP29) 29-ე კონფერენცია, რომელიც ბაქოში 2024 წლის 11-დან 22 ნოემბრამდე გაიმართა, კლიმატის კრიზისთან გლობალურ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება. აღნიშნული კონფერენცია პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 56 000-ზე მეტმა დელეგატმა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის მეთაურმა მიიღო. მსოფლიო ლიდერებმა, ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა, სხვა საკითხებთან ერთად, კლიმატის დაფინანსების გაძლიერება, ნახშირბადის ბაზრების ჩამოყალიბება და ახალ გამოწვევებთან ადაპტაცია განიხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობის გამოცდილება აქვს, რის თვალსაჩინო მაგალითად „ფორმულა 1-ის“ აზერბაიჯანის გრანპრიც გამოდგება, მსგავსი მასშტაბის კონფერენცია ამ ქვეყანაში მაინც პირველად ჩატარდა. შესაბამისად, აზერბაიჯანი ამისთვის განსაკუთრებულად მოემზადა: მორეცხეს ქუჩები; განაახლეს ინფრასტრუქტურა; შეღებეს შენობები; ჩაატარეს დასუფთავების აქცია; გამოაცხადეს დასვენება სასწავლო დაწესებულებებში; შვებულება მისცეს დასაქმებულთა ნაწილს; შემოიყვანეს 350 ელექტროავტობუსი; კონფერენციის მონაწილეებს უფასოდ ემსახურებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი; გაძლიერებული დატვირთვით მუშაობდნენ გადაჭედილი სასტუმროები და კვებითი დაწესებულებები; სადაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან აზერბაიჯანისა და COP29-ის დროშა მოგხვდებოდათ თვალში… მოკლედ, მთელმა ქვეყანამ 22 ნოემბრამდე COP29-ით იცხოვრა. ამასთანავე, აზერბაიჯანისთვის ეს კარგი საშუალებაც აღმოჩნდა, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა საკუთარი როლი და შესაძლებლობები ამ საბედისწერო გამოწვევის დაძლევაში.
შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ დამსწრე საზოგადოებისგან ღონისძიების ორგანიზებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. არაერთხელ აღინიშნა ის ფაქტიც, რომ სტუმრების რაოდენობისა თუ ღონისძიების ორგანიზების კუთხით, წლევანდელი კონფერენცია არ ჩამოუვარდებოდა მის წინამორბედს, რომელიც დუბაიში გაიმართა.
აზერბაიჯანის როლი და COP29-ის განსაკუთრებულობა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა COP29 გახსნის ცერემონიაზე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ხვდება, თანაც, არამხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით. პრეზიდენტის სიტყვებით, აზერბაიჯანი, მსოფლიო მასშტაბით, პოლიტიკური, კულტურული, ენერგეტიკული, სავაჭრო და სატრანსპორტო ხიდია, ნავთობის მარაგი კი, აზერბაიჯანელი ხალხისთვის ნამდვილი „ღვთის საჩუქარი“.
განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ COP29 ისტორიაში დარჩება, როგორც მთავარი გლობალური ფორუმი, რომელზეც სიტყვა მიეცა ფორუმის მონაწილე ყველა წევრს, მათ შორის, მათ, ვინც, როგორც წესი, გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრს მიღმა რჩება.
ილჰამ ალიევმა 2024 წელი „მწვანე გლობალური სოლიდარობის წლად“ გამოაცხადა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს წაახალისებს. სამინისტრომ, ასევე აღნიშნა, რომ „სოკარის“ ნებაყოფლობითი ვალდებულება, ნულამდე შეამციროს მეთანის ემისია (რომელიც მიღებულია COP28-ზე დუბაიში), კლიმატის საკითხების მიმართ აზერბაიჯანის დამოკიდებულებას ნათლად წარმოაჩენს.
აზერბაიჯანმა, საკუთარი ხარჯებით, ბაქოში 40 კუნძულოვანი სახელმწიფოს დელეგაცია ჩამოიყვანა — თითოეული სახელმწიფოდან კონფერენციას 4 წარმომადგენელი სტუმრობდა.
მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები უფრო დაუცველ მდგომარეობაში არიან გლობალური კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ. ამ ქვეყნებში კლიმატური კატასტროფების შედეგების მოსაგვარებლად, გარკვეული პერიოდის წინ აზერბაიჯანმა წინადადებაც კი წამოაყენა 1 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდი შექმნის თაობაზე. აღნიშნული წინადადების თანახმად, ეს თანხა ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ და საინვესტიციო შემოსავალიც ამ ფონდს უნდა დაუბრუნდეს.
სამიტში, ავღანეთის მთავრობის სტატუსით, პირველად მიიწვიეს „თალიბანის“ წარმომადგენლები. საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის კვლევის მიხედვით, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ ყველაზე დაუცველ ქვეყნებს შორის ავღანეთი მეექვსე ადგილზეა. უფრო მეტიც, 2023 წლის ბოლოს ავღანეთს, კლიმატური კატასტროფების შედეგად, მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვი ჰყავდა. „თალიბანის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი კონფერენციას გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. 13 ნოემბერს, კონფერენციის ფარგლებში, მათსა და საერთაშორისო „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებაც კი გაიმართა.
პარტნიორები და ერთობლივი მიზანი
რაც შეეხება ღონისძიების პარტნიორებს, 2024 წლის სექტემბერში COP29-ის პირველი ოფიციალური ოთხეული გახდა ცნობილი. ესენი იყვნენ აზერბაიჯანული კომპანიები: „SOCAR Green“ (პარტნიორი ენერგეტიკულ ტრანზიციაში), „PASHA Holding“ (პარტნიორი სტრატეგიული მიმართულებით), „Azersun“ (მდგრადი განვითარების პარტნიორი) და „Silk Way West Airlines“ (გლობალური ტვირთების პარტნიორი). თუმცა, მოგვიანებით, სამიტში მონაწილეობის სურვილი კიდევ რამდენიმე აზერბაიჯანულმა კომპანიამ გამოთქვა. ეს გახლდათ კომპანია „ACWA Power“ — ელექტროენერგიისა და გამწმენდი სადგურების დეველოპერი, ინვესტორი და ოპერატორი — რომელიც COP29-ზე ენერგიისა და წყლის პარტნიორი გახდა, რითიც მდგრადი განახლებადი ენერგიის პრაქტიკისადმი კომპანიის ერთგულებას გაუსვა ხაზი; ასევე, „ACWA Power“ — წყლის გაწმენდის უმსხვილესი კერძო პროვაიდერი, მწვანე წყალბადის სფეროს პიონერი და ლიდერი გლობალურ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში.
მოგვიანებით, ფართო საზოგადოებამ კიდევ ორი პარტნიორი კომპანიის შესახებ გაიგო: სინერგიის პარტნიორად „NEQSOL ჰოლდინგი“ გამოცხადდა, ხოლო „GILTEX“ ტექსტილის პარტნიორი გახდა, რამაც მდგრადი პრაქტიკისა და გლობალური კლიმატის მიზნებისადმი ორივე ბიზნესის ერთგულება წარმოაჩინა.
მათ გარდა, პარტნიორების სიას სხვა კომპანიებიც შეუერთდნენ მთელი მსოფლიოდან. საერთო ჯამში, მათი რიცხვი 18-ს შეადგენდა.
სამიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში ქარისა და მზის ენერგიის წილის მნიშვნელოვნად გაფართოება იგეგმება. ამ კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაა, რაშიც აზერბაიჯანი ყოველთვის თანმიმდევრულ პოზიციას ინარჩუნებდა.
„ჩვენი პოზიცია, დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო და რჩება შემდეგი: დივერსიფიკაცია უნდა შედგებოდეს როგორც მიწოდების გზების, ასევე წყაროების დივერსიფიკაციისგან. ევრაზიის დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება აშკარად ადასტურებს, რომ ზუსტად ასე უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში, სამხრეთის გაზის დერეფანი სრულიად ახალი მარშრუტია:
„ახლა მას ბევრი გაფართოება და დამაკავშირებელი აქვს, აზერბაიჯანული გაზი კი, ახალი წყაროა. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საკითხების სრულ განხორციელებას ამ ფორმატში და ჩვენ მიერ ინიცირებულ პროექტში“.
თავად აზერბაიჯანში ურჩევნიათ, ფოკუსირება გეგმებზე მოახდინონ და ყველაზე ამბიციური რეგიონის ყველა ქვეყანას შორის განახლებადი ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობები შექმნან. საუბარია, მაგალითად, ზღვის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, ასევე, დაგეგმილია, რომ, მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ენერგიის გამოყენებით, 2050 წლისთვის მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები „ნულოვანი ემისიების ზონად“ იქცეს.
აზერბაიჯანი პოზიციონირებს, როგორც მთავარი მოთამაშე რეგიონული დერეფნების მომავალ სისტემაში, რომლითაც ევროპას სუფთა ენერგია უნდა მიეწოდოს. ბაქო ამ თემაზე აქტიურად თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან. ამრიგად, 13 ნოემბერს აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამი სახელმწიფოს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციისა და მწვანე ენერგიის განვითარების შესახებ. აზერბაიჯანის მიერ ხელშეწყობილი ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც საქართველო, რუმინეთი და უნგრეთიც მონაწილეობენ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროსადენის გაყვანაა. ინიციატივამ, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დასაკავშირებლად ჩამოყალიბდა, ევროკავშირის დიდი მოწონება დაიმსახურა. მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. COP29-ზე ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაც წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ სომხეთმა სამიტის თავის ქვეყანაში გამართვაზე უარი თქვა და ეს შესაძლებლობა აზერბაიჯანს მისცა. მართალია, სომხეთი ბაქოში, COP-29 კლიმატის სამიტში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, მაგრამ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, მეზობელი ქვეყნის დელეგაცია კონფერენციაზე არ გამოცხადებულა.
COP-29-ზე მიღწეული შეთანხმების მთავარი მიზანია, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2 გრადუს ცელსიუსზე (პრეინდუსტრიულ ეპოქასთან შედარებით) შენარჩუნდეს. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ეს მაჩვენებელი 1,5 გრადუს ცელსიუსს არ ასცდება. გლობალური დათბობის 1,5 გრადუსამდე შესაზღუდად, სათბურის გაზების ემისიებმა პიკს უნდა მიაღწიოს არაუგვიანეს 2025 წელს და შემცირდეს 43%-ით 2030 წლისთვის.
ბევრი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება, ძირითადად, დათბობას ნიშნავს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია! ვინაიდან დედამიწა გახლავთ სისტემა, სადაც ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ერთ სფეროში ცვლილებებმა შეიძლება, გავლენა მოახდინოს ცვლილებებზე ყველა სხვა სფეროში. გლობალური ტემპერატურის აწევის შეზღუდვა არაუმეტეს 1,5°C-მდე დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ უარესი ზემოქმედება და შევინარჩუნოთ კლიმატი საცხოვრებლად. თუმცა, თუ კაცობრიობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, ამ საუკუნის ბოლოსთვის ტემპერატურა 3°C-ით მოიმატებს.
წიაღისეული საწვავიდან ენერგიის გადართვა განახლებად ენერგიის წყაროებზე, როგორიცაა მზე ან ქარი, შეამცირებს კლიმატისთვის დამაზიანებელ ემისიებს. ქვეყნების მზარდი რაოდენობა იღებს ვალდებულებას, 2050 წლისთვის მიაღწიოს ნულ ემისიას. რადგანაც 1.5°C-ზე დაბლა დათბობის შესანარჩუნებლად, ემისიები 2030 წლისთვის უნდა განახევრდეს, ეს ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის გამოყენების მნიშვნელოვან შემცირებას მოითხოვს.
„გარემოსა და კლიმატის მდგრადობის ერთობლივი მიღწევა“ 2020 წლის შემდგომი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ხუთი გრძელვადიანი მიზნიდან ერთ-ერთია. სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და მათი ეკონომიკის მოდერნიზებაში.
ნახშირბადის საერთაშორისო ბაზრის სტანდარტები შეთანხმებულია
COP29-ის მონაწილეებმა, ასევე, მოახერხეს შეთანხმება ნახშირბადის ერთიანი საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია პარიზის კლიმატის შეთანხმების მე-6 მუხლზე მოლაპარაკებების დასასრულებლად. მე-6 მუხლი სათბურის გაზების ემისიის და ნახშირბადის კვალის რეგულირებას ითვალისწინებს. ნახშირბადის ბაზრები წარმოადგენს მექანიზმებს, რომლებიც ასტიმულირებენ ემისიების შემცირებას და ახალისებენ ბიზნესებსა და მთავრობებს, მიიღონ სუფთა წარმოების მეთოდები.
მხარეები, გაეროს ეგიდით, ნახშირბადის ცენტრალიზებული ბაზრისთვის მკაცრ სტანდარტებზე შეთანხმდნენ. აღნიშნული ბაზრების ფუნქციონირება დაეხმარება ქვეყნებს, კლიმატთან დაკავშირებულ გეგმებს უფრო სწრაფად და იაფად მიაღწიონ. ორკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 29-ე კონფერენციის დელეგატები შეთანხმდნენ, ]თანდათან გაზარდონ წლიური დაფინანსება $1,3 ტრილიონამდე 2035 წლისთვის. ქვეყნებმა ნახშირბადის კრედიტების გლობალური ვაჭრობის წესებზეც მოილაპარაკეს.
„უფრო ამბიციური შედეგი”
COP29-ის შედეგზე კომენტირებისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება აბსოლუტურად აუცილებელი იყო გლობალური დათბობის შესანარჩუნებლად არაუმეტეს 1,5 გრადუს ცელსიუსამდე, ის „უფრო ამბიციურ შედეგს იმედოვნებდა — როგორც დაფინანსების, ასევე სავალალო შედეგების შერბილების თვალსაზრისით“. თუმცა, გაეროს ხელმძღვანელის განმარტებით, შეთანხმება შემდგომი ქმედებების საფუძველს იძლევა. ბევრი დაუცველი ქვეყნისთვის ეს იმედის ნაპერწკალია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებები სწრაფად განხორციელდება.
„ისინი სრულად და დროულად უნდა დასრულდეს. ვალდებულებები სწრაფად უნდა იქცეს რეალურ ფინანსებად. ყველა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს, რათა უზრუნველყონ უმაღლესი მიზნის მიღწევა“, – დასძინა მან.
გაეროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს საერთო ენის გამონახვისთვის და აღნიშნა: „თქვენ აჩვენეთ, რომ პარიზის შეთანხმებაზე დაფუძნებულ მრავალმხრივ პროცესს შეუძლია ურთულესი საკითხების გადაწყვეტის პოვნა“.
„დაზღვევის პოლისი მთელი მსოფლიოსთვის“
UNFCCC (United Nations Framework Convention on Climate Change)-ის აღმასრულებელმა მდივანმა, სიმონ სტეილმა კლიმატის დაფინანსების შეთანხმებას „სადაზღვევო პოლიტიკა“ უწოდა.
„ეს შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის სუფთა ენერგიის ბაზარს და დაიცავს მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს ყველა ქვეყანას დაეხმარება, მიიღონ გაბედული მოქმედებით უზარმაზარი სარგებელი: მეტი სამუშაო ადგილი, სწრაფი ზრდა, იაფი და სუფთა ენერგია ყველასთვის. მაგრამ, როგორც ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი, ის მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხები გადახდილია სრულად და დროულად“, – თქვა მან.
COP29-ის მონაწილეები ყოველწლიურად 300 მილიარდ დოლარსაც დაჰპირდნენ ღარიბ და უფრო დაუცველ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში დასახმარებლად და 2035 წლისთვის მათი ეკონომიკის მწვანე ენერგიაზე გადაყვანასაც. თუმცა, განვითარებადმა ქვეყნებმა, ინდოეთიდან კუბამდე, რომლებმაც ტრილიონ დოლარზე მეტი დახმარება მოითხოვეს, სწრაფად დაგმეს ეს შეთავაზება და მას „შეურაცხმყოფელი“ უწოდეს. საბოლოო შეთანხმების მთავარი სიახლე კი მაინც ის გახლავთ, რომ დასავლეთი აპირებს, მოსთხოვოს თანხები და მწვანე ეკონომიკის განვითარება სხვა მსხვილ მოთამაშეებს, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარებადი ეკონომიკის სიაში მოიაზრებიან, მათ შორის, ჩინეთსა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებს.