გიორგი გაბუნია: საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია არასდროს არ იდგა და არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ

„საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია არასდროს არ იდგა და არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი გაბუნიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.

,,საქართველოში არჩევნები ჩატარდა მშვიდ, დემოკრატიულ, კონკურენტულ გარემოში და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. სწორედ ისინი [ოპოზიცია] ცდილობდნენ, რომ მიეწოდებინათ ინფორმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მაგრამ როდესაც ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, როდესაც დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა საქართველოში და მათ შორის სასამართლოში იქნენ დაბარებული დაკითხვაზე, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა მათი მხრიდან წარდგენილი. შემდეგ, უკვე დაიწყეს საუბარი არა არჩევნების გაყალბებაზე, არამედ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიპარა. მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ასეთი განცხადება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გუშინ, ევროპარლამენტში.

არჩევნები მოიპარეს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური კეკლუცობა და ამას სერიოზულად არავინ არ უყურებს. თუნდაც, გუშინდელი ვიზიტი (ევროსაბჭოს გენმდივნის) ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად ასრულებს ყველანაირ სპეკულაციას, იმის შესახებ, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არსებობდა“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები