ანა ბუჩუკური: ჩვენ მოვუწოდეთ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთონ იმ მიზანთან დაკავშირებითაც, რატომაც არიან დღეს საქართველოში
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს დელეგაციამ წასვლამდე მისი ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გააკეთოს.
„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, იმ ტყუილების და პროპაგანდის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. კერძოდ, თითქოს ამ დელეგაციამ, თუ კი მათ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს] ხელი ჩამოართვა, ნიშნავს რაღაც აღიარებას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ჩვენ მოვუწოდეთ დელეგაციის წევრებს, რომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთონ, მათ მანდატთან დაკავშირებით და იმ მიზანთან დაკავშირებითაც, რატომაც არიან დღეს საქართველოში. გარდა ამისა, ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, დაკავებული, ნაცემი ადამიანების შესახებ. აღნიშნულის შესახებ დეტალური, დოკუმენტური ინფორმაცია მივაწოდეთ, თავისი ვიდეო/ფოტო მასალით. მათ შორის, დეტალურად ვისაუბრეთ, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც დაჩქარებული წესით ე.წ. პარლამენტმა მიიღო”, – განაცხადა ბუჩუკურმა.