დღეს ნიკოლოზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.