“ვის უნდა დააჯერონ, რომ საჯარო სამსახურში, სადაც ყველა დოკუმენტი იქმნება ქართულად, ყველა წარმოება სახელმწიფო ენაზეა, შეიძლება – იმუშაოს ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის; ეს არის ანტიქართული პროპაგანდა” – პაპუაშვილი

“ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტების დასაქირავებლად გამოიყენება, არის შესაძლებლობა რომ მაგალითად უცხოელი ექსპერტი იყოს დაქირავებული. მაგრამ როდესაც საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე ვსაუბრობთ, სადაც ქართულ ენაზე მიდის წარმოება, დოკუმენტები იქმნება ქართულად და თანამშრომლებს შორისაც ურთიერთობა არის ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა, აქ კრიტერიუმია ქართული ენის ცოდნაც”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.

„ეს კიდევე ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს პროპაგანდა და დეზინფორმაცია, თუ როგორ შეუძლია იმოქმედოს ადამიანების ტვინზე, ემოციებზე. ეს არის რბილი ძალა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, რასაც პროპაგანდა და დეზინფორმაცია ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს, აფხაზეთში აფხაზურს და როგორც კონსტიტუციით, ისე კანონმდებლობით საჯარო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, როცა საუბარია ცენზზე, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ასაკი და ა.შ. მათ შორის არის ქართულის ცოდნა და არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება ე.წ. ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, ვინაიდან ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტების დასაქირავებლად გამოიყენება, არის შესაძლებლობა რომ მაგალითად უცხოელი ექსპერტი იყოს დაქირავებული. მაგრამ როდესაც საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე, ვსაუბრობთ, სადაც ქართულ ენაზე მიდის წარმოება, დოკუმენტები იქნება ქართულად და თანამშრომლებს შორისაც ურთიერთობა არის ქართულ ენაზე, რა თქმა უნდა აქ კრიტერიუმია ქართული ენის ცოდნაც. დღეს ერთმა კოლეგამაც თქვა – ასე თუ ჩავხედავთ კანონს, საკონსტიტუციო მოსამართლისთვისაც არ წერია, რომ ქართული ენა უნდა იცოდეს, და რა ჰგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე აირჩევა ისეთი, ვინც სახელმწიფო ენა არ იცის? ქართული ენის ცოდნა იქნება ყოველთვის კრიტერიუმი, რომ საჯარო სამსახურში იმუშაო. ასეთ ტყუილს როგორ ამბობენ, ვის უნდა დააჯერონ, რომ საჯარო წარმოება, სადაც ყველა დოკუმენტი იქმნება ქართულად, ყველა წარმოება სახელმწიფო ენაზეა, როგორ შეიძლება იმუშაოს ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის. ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. საიას ხელმძღვანელმა დაუდო სათავე ამ დეზინფორმაციას. მათი დესტრუქცია გასაგებია, მაგრამ საიას ჰყავს უცხოელი დამფინანსებელი, მათ შორის ბრიტანეთი და ბოლო პერიოდში ბრიტანეთის ელჩი არის საკმაოდ აქტიური თავისი განცხადებებით და ქართველი ხალხისთვის მორალის კითხვით. ვისურვებდი, რომ ბრიტანეთის ელჩი რომელიც მაღალი სიხშირით ვიდეომიმართვებით გვამახსოვრებს თავს, მან მისი [ქვეყნის] მიერ დაფინანსებულ საიას მოსთხოვს, რომ ეს პროპაგანდა და დეზინფორმაცია უარყონ, სიმართლე თქვან და ბოდიში მოიხადონ ქართველი ხალხის წინაშე, ან თუ ამას ვერ ახერხებს თავად ელჩმა უარყოს ეს ინფორმაცია და კარგი იქნება თუ ბოდიშს მოიხდის, რომ მისი ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ანტიქართულ დეზინფორმაციას ავრცელებს. შეუძლებელია, რომ ერთი მხრივ სარგებლობენ პრივილეგიით რომ სხვა ქვეყანაში აფინანსონ ორგანიზაციები, რომლებიც შემდეგ მავნებლობენ და ფაქტობრივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ, შენ გულხელდაკრეფილი იჯდე, ვიდეოებს წერდე და მორალს უკითხავდე ქართველ ხალხს.

ასევე ვისურვებდი, რომ ბრიტანეთმა თავშესაფარი არ მისცეს საერთაშორისო კრიმინალს დავით კეზერაშვილს, რომელიც ბრიტანეთში გადაადგილდება და იქიდან აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციასა და ენჯეოებს. დღემდე არ გვსმენია ბრიტანეთის ელჩის პოზიცია – ქართველ ოლიგარქს, საერთაშორისო კრიმინალს რატომ აქვს ბრიტანეთში თავისუფლად მოძრაობის საშუალება და არის თუ არა ნება, რომ შემდეგ ჯერზე როდესაც ის ბრიტანეთში მოხვდება გადმოსცენ ქართულ მართლმსაჯულებას, მით უმეტეს, რომ სტრასბურგმაც დაადასტურა მისი დანაშაული ქართველი ხალხისა და ჯარის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები