კახა კალაძე: მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი იქ, სადაც იმყოფება
მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით აღმოჩნდა იქ, სადაც იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
დედაქალაქის მერი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „რაღაც უაზრო პროვოკაციაა, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, შვიდ საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად“.
„დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია“ და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ.
რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.
მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე სხვა დროს არ მისაუბრია; ბოდიში, რომ სწორედ „ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა იქ, სადაც იმყოფება ეს ქალი, რომელიც, სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მიულოცავს საქართველოს მოსახლეობას.
რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.