პრეზიდენტი: ხვალ თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალაქის მერზე იქნება
რაღაც უაზრო პროვოკაციაა, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, შვიდ საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა მთლიანად თბილისის მერს ეკისრება.
„აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა, უწყვეტად იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი და ხვალ რადგანაც იმართება პარლამენტში პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება ამ ღონისძიების იმ ადგილას მოწყობა სწორედ ხვალ, შვიდ საათზე პარლამენტის წინ. სხვათა შორის თვით ექიმები ამბობენ, რომ რუსთაველზე შენობების ფასადები უკვე გაზით არის გაჟღენთილი, ხეებიც და ალბათ სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა. მინდა, გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ ეს მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს არ გამოიწვევს, რადგან ქალაქში გაშლილი ეს პროტესტი ხვალაც, ზეგაც იქნება, არის ძალიან მშვიდობიანი და ალბათ თვითონ მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მე მინდა, მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, თუ რაღაც პროვოკაცია არ არის ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია და გადაიტანოს. მე ვთავაზობ აქ, ორბელიანის სასახლის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარსკები და ვითომც ბავშვებისთვის სათამაშოები, მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა ცხადია, მთლიანად მხოლოდ პირადად მასზე იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.