გიორგი კალანდარიშვილი: სრულ მზაობას აცხადებს ადმინისტრაცია, რომ ღირსეულად მიიღოს ეს გამოწვევა – პირველად ვატარებთ ამ ტიპის არჩევნებს

„ცესკოს მეშვეობით ხორციელდება პროცესის ადმინისტრირება. მინდა აღვნიშნო, რომ სრულ მზაობას აცხადებს ადმინისტრაცია, რომ ღირსეულად მიიღოს ეს გამოწვევა – პირველად ვატარებთ ამ ტიპის არჩევნებს და ასევე მაღალპროფესიულ დონეზე მოვახდენთ მის ადმინისტრირებას“, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან პრეზიდენტის არჩევის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა.

„დღევანდელი კონფიგურაციის ფარგლებში საარჩევნო კოლეგიის 300 წევრიდან 150 უპირობოდ, წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წევრს. ასევე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობები სრულად, პირდაპირ ხვდება საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში. დარჩენილ, დაახლოებით 100-ზე მეტ ადგილს იკავებს საკრებულოების ის წევრები, რომლებიც მოქმედი საკრებულოს ჭრილში შესაბამისი პროპორციების მიხედვით, კვოტების მიხედვით განესაზღვრებათ შესაბამის პარტიებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა საარჩევნო კოლეგია, რომელიც ხვალ, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, უზრუნველყოფს არჩევნების პროცესს.

ცნობისთვის, ხვალ, 300 წევრიანმა კოლეგიამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები