გიორგი ვაშაძე: ევროპარლამენტარების განწყობა არის საბრძოლო, ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული

“ევროპარლამენტარების განწყობა არის საბრძოლო, შემართებით და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული”,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ევროკავშირი მზად არის, ყოველთვის გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპისკენ მიმავალი გზა.

“ევროპარლამენტარების პოზიციაა – სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, სრული მხარდაჭერა პროტესტში მონაწილე თითოეულ ადამიანს, სრული მხარდაჭერა ყველა პატიმარს და დაუყოვნებლივ გათავისუფლება პოლიტპატიმრებს.

მეორე – ყოველთვის კითხვა უნდა დავსვათ, ჩვენ რას ვაკეთებთ, თორემ ევროკავშირი მზად არის, ყოველთვის გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველომ დაიბრუნოს ევროპისკენ მიმავალი გზა და გავთავისუფლდეთ ივანიშვილისგან. გამარჯვების ფორმულა არის შემდეგი: უწყვეტი პროტესტი, ოპოზიციის ერთიანობა და უკვე, ქმედებები ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ უნდა ველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ მათ ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ, ესაა გადამწყვეტი, მაგრამ ბალტიის ქვეყნებმა რაც გააკეთეს პერსონალურ სანქციებთან მიმართებით, ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენ პირდაპირ ვთხოვეთ, დიახ, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება ხალხს, სამოქალაქო სექტორს, მედიასაშუალებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მარტო პროპაგანდისტული მედია არ დარჩეს ამ ქვეყანაში, გვაქვს საფრთხე, რომ მათ ჰქონდეთ მხოლოდ ფინანსური რესურსები, რადგან ტელეკომპანია „მთავარზე“ და ტელეკომპანია „ფორმულაზე“ სერიოზული პრობლემებია და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გადარჩეს. ევროპარლამენტარების განწყობა არის საბრძოლო, შემართებით და ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ჯერ კიდევ პროტესტის წინ, ამას ასახავს. ხელახალი არჩევნები არის მათთვისაც გზა, რომ საქართველოში ქაოსი დამთავრდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვიდა. კერძოდ, საქართველოში იმყოფებიან ევროპარლამენტარები: რასა იუკნევიჩიენე, „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი მიჰალ ჩერბა, „განაახლე ევროპის“ ორი წევრი საფრანგეთიდან – ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა, „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი ტობიას კრემერი და „მწვანეების“ წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები