ნეთანიაჰუ: ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ისტორიის ახალი თავის დასაწყისია
სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ისტორიის ახალი თავის დასაწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონის სახის შესაცვლელად,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
“ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლა პირდაპირი შედეგია იმ დარტყმებისა, რაც ისრაელმა “ჰეზბოლასა” და ირანს მიაყენა. ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გადამწყვეტია ირანის წინააღმდეგობის ღერძის შესუსტებისთვის.
ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ის მოიგებს. ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, წააგებს. ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი გოლანის მაღლობები სამუდამოდ იქნება”,- განაცხადა პრემიერმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გააგრძელებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას გოლანის მაღლობებზე ყოფნის შენარჩუნებით.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან სამხედროებს დაავალა, კონტროლი დააწესონ ბუფერულ ზონაზე, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებს დანარჩენი სირიისგან ყოფს.