არჩილ გორდულაძე: ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ იმ საკითხზე გვექნება ურთიერთობა, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

“ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხზე გვექნება ურთიერთობა, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარებულ დე ფაქტო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის სრული იურისდიქციის გავრცელებას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მთავარი ქვეყნის ინტერესებია.

„დავუშვათ შესაძლებლობა, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე კავშირი ჰქონდეს ოკუპანტი ქვეყნის მმართველებთან. პირველი, რასაც გააკეთებდით, ვეტყოდით, „არ შეგვაქოთ, არ გააკეთოთ დადებითი განცხადებები და პირიქით, რაც შეიძლება აგრესიული განცხადებები გამოუშვით საქართველოსკენ, რაც შეიძლება აგრესიულად ისაუბრეთ „ქართული ოცნების“ შესახებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ, მერკანტილურად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში უფრო გაიზრდება-თქო”. ჩვენ ამის აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავთ. ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი იმას, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს ერთი და იგივე სათქმელი – ჩვენთვის მთავარია რა უნდა ქართველ ხალხს, რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ინტერესი. მთავარი ინტერესია ჩვენი ტერიტორიების გაერთიანება, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკის წინსვლის გარანტიების შექმნა. ჩვენ ნებისმიერ ქვეყანას ვესაუბრებით თანასწორად და მხოლოდ და მხოლოდ იმის ინტერესებით, რაც საზოგადოებას გააჩნია და რა ლეგიტიმაციითაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხზე გვექნება ურთიერთობა, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარებულ დე ფაქტო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის სრული იურისდიქციის გავრცელებას,” – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, მარია ზახაროვამ განაცხადა: „როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით – საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები