ფსიქოლოგი: სასწავლო პროცესის ჩაშლა ნიშნავს, იძულებას, მოარგო მოსწავლეს, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატური სოციალური როლი
“სასწავლო პროცესის ჩაშლა ნიშნავს, იძულებას, მოარგო მოსწავლეს, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატური სოციალური როლი”, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, დალი ლაშხიძემ რადიო „სივრცის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
ფსიქოლოგმა სკოლის მოსწავლეების აქციებში ჩართვაზე ისაუბრა.
„არსებობს ექსპერიმენტი, რა დროსაც ადამიანებს აქვთ როლები ციხის პატიმრების და ზედამხედველების. ადამიანი შედის რომელიმე როლში, ის ირგებს ამ პასუხისმგებლობას და ერგება ამ როლს. რატომ ვაკისრებთ ჩვენ უსუსურ, პატარა ბავშვებს, მოსწავლეებს, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვერც ხვდებიან ისინი – სვამენ კითხვებს – დედა, რას აპროტესტებენ, რატომ არ უნდა წავიდეთ სკოლებში და ა.შ. არიან გაურკვევლობაში, ჩვენ მათ ვაქცევთ მსხვერპლებად.
გარდა ამისა, ის რომ დემონსტრაციაზე წავიყვანოთ ბავშვი, გავიფიცოთ და აღარაფერი ვაკეთოთ – ეს არის დამანგრეველი. როდესაც ცოლ-ქმარს აქვს კონფლიქტი, ჩხუბობენ და ამ კონფლიქტში შემოჰყავთ ბავშვი, ის იჭყლიტება შუაში და მისი საშუალებით ცდილობენ, შური იძიონ ერთმანეთზე. ასეთ დროს, ჩვენ, ფსიქოთერაპევტები, ვაძლევთ რჩევას, რომ გავიყვანოთ ბავშვი ამ კონფლიქტიდან. ახლა კი, ვხედავ პროცესს, რომ ამ კონფლიქტურ სივრცეში შეჰყავთ მოსწავლეები, ბავშვები, განტევების ვაცი და მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს ბავშვების ტრავმირებას. ამ არასრულწლოვანებს დასჭირდებათ დარჩენილი ცხოვრება თერაპიაში გაატარონ”, – განაცხადა დალი ლაშხიძემ.