პუტინი: აშშ-ის გეგმა შეიძლება მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველი გახდეს – ის ჩვენთან არ განხილულა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი შეთანხმების საფუძვლად იქცეს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მიიღო აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ტექსტი, მაგრამ რუსულ მხარესთან ის რაიმე შინაარსიანი გზით არ განუხილავს.

პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ს გეგმა რუსეთთან არ განუხილავს, რადგან აღნიშნულ წინადადებას უკრაინა ჯერ არ დათანხმებია.

„ვხედავთ, რომ ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკული მხრიდან გარკვეული პაუზა დადგა. ჩვენ ვიცით, რომ ეს დაკავშირებულია უკრაინის ფაქტობრივ უართან იმ გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა შესთავაზა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაჩნდა ამ გეგმის ახალი რედაქცია – ფაქტობრივად, განახლებული პროექტი, უკვე 28 პუნქტად.

ჩვენ ამ ტექსტს ვფლობთ. ის მიღებული გვაქვს აშშ-ის ადმინისტრაციასთან არსებული საკომუნიკაციო არხებით. მგონია, რომ ეს ტექსტიც შეიძლება, გახდეს საბოლოო მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველი, თუმცა არსებითად, სიღრმისეულად ეს ტექსტი ჩვენთან განხილული არ არის. შემიძლია ვივარაუდო, რატომ. მიზეზი, ვფიქრობ, იგივეა – აშშ-ის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ შეუძლია, მიიღოს უკრაინის თანხმობა. უკრაინა წინააღმდეგია.

როგორც ჩანს, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები კვლავ ილუზიებში არიან და ოცნებობენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე, ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ამ პოზიციას საფუძვლად უდევს არა იმდენად კომპეტენციის დაბალი დონე, და ამ ნაწილს ახლა არ განვიხილავ, არამედ, უფრო სავარაუდოდ, მათ არ აქვთ ობიექტური ინფორმაცია ბრძოლის ველზე რეალური ვითარების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები