პრემიერი: როგორც კი არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვის პროცესი დასრულდება, მაშინვე, ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, თუ გვინდა, საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს ერთადერთი გამოსავალია

ჩვენთან რომ ყოფილიყო სრულფასოვანი, თვითმყოფადი დემოკრატიული სისტემა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან და ეს არის ხელოვნური პროცესი.

„ყველაფერი რომ მიანდო ჯანსაღ შიდა კონკურენციას, ბაზრის პრინციპი მოქმედებს პოლიტიკაშიც, რომ თვითონ ხარისხის დახვეწას უზრუნველყოფს ის კონკურენცია, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს. აქ ეს პრინციპი არ მუშაობს, იმიტომ, რომ  ოპოზიციის მხარეს ყველაფერი ლაგდება ქვეყნის გარედან. იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს, შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე, გეგმებს უწერენ, მესიჯების დონეზე უდგენენ ტექსტებს და ა.შ. ყველაფერი ხდება გარედან. ასეთ პირობებში კონკურენცია ვერ ქმნის ჯანსაღ სპექტრს. მათ შორის, პერსონალურ დონეზეც რომ დავიდეთ, გარედან რომ არ ინიშნებოდეს ოპოზიცია, მაგალითად, ქვეყნის შიგნით ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან, ნებისმიერი ლიდერი ავიღოთ მათი, მაგალითად ხაზარაძე, პირობითად, რომ ავიღოთ მისი პარტიის წარმომადგენლები, ისინი ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, იმ წარმატებასაც კი, რაც ჰქონდათ, ცნობადი პოლიტიკოსები საერთოდ ვერ გახდებოდნენ. გარედან დანიშნეს და ამიტომ მიიღეს ის არაჯანსაღი სურათი. ბოკერია რომ ავიღოთ, ქვეყნის გარედან რომ არ ნიშნავდნენ ასეთ პოლიტიკოსს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ასეთი პოლიტიკოსი, სრულიად დეგრადირებული და ფასეულობებისგან დაცლილი, არის მიუღებელი, მაგრამ გარედან დანიშნეს, რომ ამას უნდა ჰქონდეს თავისი სიტყვა სათქმელი.

რაც შეეხება მომავალს. სწორედ ამიტომ ვუყურებთ ჩვენ ოპტიმისტურად მომავალს, რომ ეს პროცესი გვაქვს დაწყებული, რაც დაკავშირებულია კონკრეტული 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვასთან. ჩვენ ჩაგვტოვეს ჩაკეტილ წრეზე 2012 წლიდან მოყოლებული. ყველამ იცოდა, რომ „ნაცმოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, მაგრამ თქვეს, რომ ესენი უნდა დარჩნენ ოპოზიციაში, თან მაშინ რთული ვითარება იყო, პირველი 4 წელი იყო კოალიცია და რადიკალური ნაბიჯები ვერ გადაიდგმებოდა, მათ შორის, პარტიის აკრძალვის ნაწილში, მერე კიდე სხვა სირთულეები იყო. ამიტომ, ჩვენ გარედან თავს მოგვახვიეს ეს ე.წ. კოჰაბიტაცია და ჩაგვტოვეს ამ ჩაკეტილ წრეზე, სადაც დღემდე ვტრიალებთ. ამის გამოა, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ვერ ჩნდება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ დაწყებული გვაქვს ახლა ახალი პროცესი, რაც დაკავშირებულია ამ არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვასთან. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მაშინვე ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაკეტილ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები