ირაკლი კობახიძე: არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები, ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ევროპისკენ სწრაფვას ფასი აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში, თუ ჩვენ დაგვხვდება და კარს გაგვიღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა, მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი

ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ფასი ევროპისკენ სწრაფვას აქვს მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს კარს გაუღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა.

„ყველაფრის პრაგმატულად გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია. თავის დროზე, რატომაც იყურებოდა ჩვენი ქვეყანა დასავლეთისკენ, ამას ჰქონდა ერთადერთი მთავარი მიზეზი – ქრისტიანობა. ქრისტიანობის გამო ვიყურებოდით ევროპისკენ. თავის დროზე, როდესაც გაკეთდა არჩევანი კონკრეტული მიმართულებით, ესეც ქრისტიანობას უკავშირდებოდა. ევროპისკენ ვიყურებოდით და იქ ვეძებდით საკუთარ დაცვას, ქრისტიანული ღირებულებების გარშემო. სწორედ ამ მთავარ ღირებულებას აცლიან ევროპას. ეს არის მთავარი პრობლემა, რატომაც ღირებულების დონეზე იქნა დაკნინებული ევროპის მნიშვნელობა. არსებობს კონკრეტული პრინციპები, ღირებულებები. ერთი უკავშირდება იდენტობას. ჩვენთვის ეს არის ეროვნული და ქრისტიანული იდენტობა და ფასი ევროპისკენ სწრაფვას აქვს მხოლოდ ამ ღირებულებების პირობებში, თუ ჩვენ დაგვხვდება და კარს გაგვიღებს ქრისტიანული და მყარ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპა. ასევე, პრაგმატულად მნიშვნელოვანია, რომ როდესაც საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის, იქ დაგვხვდეს ევროპა, კეთილდღეობის შესაბამისი ხარისხით. აქ ძალიან მძიმე ტენდენციებია. ყველაფერს პრაგმატულად უნდა შევხედოთ. მთავარია, რომ ჩვენ ღირსებას არ გადავუხვიოთ. მთავარია ღირსება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. პრაგმატულად უნდა შევხედოთ ყველაფერს, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს კურსი, მაგრამ მხოლოდ ღირსებით შეიძლება გაჰყვე ამ კურსს და დივერსიფიკაციას არ აქვს არავითარი ალტერნატივა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები