ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო

რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული და იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას.

„ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა. მანამდე საზოგადოება მოკლებული იყო ძალიან დიდ ინფორმაციას და ჩვენ ძალიან ვფრთხილობდით, უბრალოდ დავინახეთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეუძლებელი იყო უკვე რაღაცაზე არ საუბარი. საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება თანამედროვე სამყარო, რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო. ეს იყო მთავარი.

ყველას გვახსოვს, არათუ რეზოლუციაზეა საუბარი, ერთი ევროპარლამენტარი, ან ერთი სენატორი რაღაცას რომ იტყოდა, ეს იწვევდა საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას და მთელი ერთთვიანი დღის წესრიგი შეიძლება, განესაზღვრა ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას. პატარა ქვეყანა ვართ და რაღაც კუთხით გასაგებია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების შემზადება, საზოგადოების ინფორმირება და ჩვენ ეს შევძელით. რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია სრული შეიძლება, ესეც არ იყო, ბევრ რამეზე დღესაც ვერ ვსაუბრობთ, რადგან სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ საზოგადოებას მივაწოდეთ ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ამერიკული ბიუროკრატია წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს გავლენები დღემდე არის შენარჩუნებული. იმედია, აქ რადიკალურად შეიცვლება ვითარება. აქ საზოგადოების ინფორმირება იყო მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები