ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა.

კერძოდ, პლენუმის გადაწყვეტილებაში ნათქვამია:

„1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.

4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.

5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, – წერია პლენუმის გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები