ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: ეს არის ფაქტობრივად ერთობლივი ნამუშევარი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ
“ეს არის ფაქტობრივად ერთობლივი ნამუშევარი „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ტიპის ანგარიშები კარგავს ინტერესს საქართველოშიც და საბოლოო ჯამში ევროპარლამენტის და ევროკავშირის დისკრედიტაციას ემსახურება უფრო მეტად.
„როდესაც ანგარიშში წერია, რომ სამი დამოუკიდებელი ტელევიზია უნდა დასანქცირდეს, ამით მერე კიდევ აგრძელებენ საუბარს იმაზე, რომ ეს შეიძლება საქართველოში იყოს დემოკრატიის უკუსვლა და პრესაზე თავდასხმა, უკვე ნათელია, რომ ეს ყველაფერი მართლაც სრულ დეზინფორმაციასა და წინააღმდეგობით შინაარსზე არის აგებული“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს — დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით.