ლევან მახაშვილი: პოლიტიკური ხმაურის გარდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს სხვა მნიშვნელობა არ აქვს

“პოლიტიკური ხმაურის გარდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს სხვა მნიშვნელობა არ აქვს. შინაარსით, სულისკვებით, მიზნებით და ავტორებით დოკუმენტი სრულიად მოწყვეტილია რეალობას და დიალოგის სულისკვეთებას არ შეესაბამება”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი ბოლო წლების განმავლობაში დიალოგის ხელის შემშლელად ჩამოყალიბდა.

„როდესაც ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებს, განცხადებებს და ტყუილებით სავსე დოკუმენტს ვხედავთ, ეს ორმხრივ თანამშრომლობას და დიალოგს აზიანებს. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი ბოლო წლების განმავლობაში ამ დიალოგის ხელის შემშლელად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური გაუგებრობების მიუხედავად სახელმწიფოებთან და ზოგადად ევროკავშირთან ბევრი მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ევროპარლამენტი ყოველთვის იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ იერიშის და შტურმის სათავეში. 2029 წლამდე, როდესაც ევროპარლამენტს აქვს უფლებამოსილება, ნაკლები მოლოდინები გვაქვს, რომ ევროპარლამენტში რამე შეიცვლება. თუმცა ამ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ევროპარლამენტი თავისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ერთ თუ ათასს რეზოლუციას მიიღებს, ჩვენთვის მნიშვნელივანი აღარ არის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს — დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები