გერმანიაში ირანის სამი საკონსულო დაიხურა
გერმანიაში ირანის სამი საკონსულო დაიხურა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან საზოგადოებისთვის დაიხურა ირანის საკონსულოები ჰამბურგში, მიუნხენსა და ფრანკფურტში.
ბერლინში ირანის საელჩო მუშაობას აგრძელებს და საკონსულო მომსახურებას გაუწევს გერმანიაში მცხოვრებ 300 ათასს ირანელს.
გერმანიისა და ირანის მოქალაქეობის მქონე ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ, გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ირანის საკონსულოების დახურვის განკარგულება სამი კვირის წინ გასცა. ირანის სასამართლო სისტემამ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის შესახებ 28 ოქტომბერს გამოაცხადა. გერმანიის მთავრობა, ბრალდებულის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები კი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდნენ.